ოთარ შამუგია - თხილის კადასტრში 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია განვახორციელეთ

თხილის კადასტრში 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია განვახორციელეთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რა დროსაც თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან, მათ შორის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება ვერ შეძლეს, რამაც მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირება გამოიწვია. კერძო სექტორმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღო.

„მოგეხსენებათ, თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი და ექსპორტის 70% ევროკავშირში ხორციელდება. თხილი არის ქვეყანაში მცხოვრები ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო; სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს - ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 - 3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩვენ შევძელით, სულ რაღაც 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 ათასამდე ბენეფიციარის 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია თხილის კადასტრში. დღეის მდგომარეობით, ფერმერების 90 %-ზე მეტს აგრობარათებზე დარიცხული აქვთ თანხა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ შესაბამისი მიზნობრიობით“, - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად, აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაცია გამოიყო.

„საქართველოში აკვაკულტურას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, რაც ამ დრომდე მხოლოდ მცირედით თუ არის ათვისებული. მათ შორის არის საზღვაო აკვაკულტურა. წელს დავამტკიცეთ საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად ზონები აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე. აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობებს აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. აკვაკულტურის ზონების ძირითადი რეკომენდაციები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მომზადდა“, - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ზონების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში