ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოს მიწის ფონდის ერთიანი ბალანსის შესადგენად მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში მიწის რესურსების მდგრადი მართვის პოლიტიკის გასატარებლად მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის ბალანსის წარმოება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

როგორც მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა „მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ“ კონცეფცია.

„აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც წელს დასრულდება. მთლიანად მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა დასრულდება 2024 წელს და ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მიწის ფონდის ერთიანი ბალანსი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს ასევე შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანია, საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. მინისტრის ინფორმაციით, კონცეფცია წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველს, რომელიც დაარეგულირებს საძოვრების მართვის საკითხებს, განხილვების დაწყება დაგეგმილია მიმდინარე წელს.

„აქტიურად მიმდინარეობს საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 422 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტრიდან 165 000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000 ჰექტრიდან 43 000 ჰექტრამდე გაიზარდა. ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მომსახურების არეალი - წყალუზრუნველყოფილი სავარგულების რაოდენობა, რომელზეც შეზღუდული ან შეწყვეტილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტივირების პროცესი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განმარტა, რომ 2022 წელს სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, დრენაჟის და მიწის მართვის სექტორში მოზიდულ იქნა უპრეცედენტო ოდენობის 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი.

„ოთხი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტები, 2023-2030 წლებში, უზრუნველყოფს დარგში კოორდინირებულ ინვესტიციას, სექტორში მართვის ჰოლისტიკური მიდგომის დამკვიდრებას (წყალი, მიწა, სოფლის მეურნეობა), 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას დაახლოებით 30 %-ით გაზრდის. პროექტებს ეყოლება 50 000-მდე ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა