ოთარ შამუგია - დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტრით გაიზარდა

2022 წელს, საქართველოს მთავრობამ მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა’’, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ევროკავშირის გარემოს დაცვის პოლიტიკასთან მაქსიმალურ დაახლოებას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის უმთავრეს ფუნდამენტს გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. მისი თქმით, ამ მიმართულებით, ხელისუფლების მხრიდან, უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

„2022 წლიდან ამოქმედდა ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც შემოიტანა ახალი ვალდებულებები სამრეწველო სექტორისთვის. საწარმო, რომელიც საქმიანობის პროცესში გარემოს დააბინძურებს, ვალდებულია, გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად გასწიოს სათანადო ღონისძიებები და გაიღოს ამისთვის საჭირო თანხები. ჩვენ, ამ ახალი ვალდებულებების შესასრულებლად, უკვე გავატარეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ზედამხედველობის დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც მუშაობენ კანონის აღსრულების მიმართულებით“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„2022 წელს, ჩვენ აქტიურად გავაგრძელეთ მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით, შევქმენით ახალი დაცული ტერიტორიები რაჭაში, შიდა ქართლში, ზემო იმერეთში. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტრით გაიზარდა. დღეისათვის, დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობი 912 ათასზე მეტ ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13 %-ია“, - განაცხადა მინისტრმა.

შამუგიას განცხადებით, აღსანიშნავია დაცული ტერიტორიების დაცვა-მონიტორინგისა და პატრულირების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. მისი თქმით, 2022 წელს, დაცულ ტერიტორიებზე დაინერგა პატრულირების თანამედროვე SMART სისტემა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, არის ის, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო მუშაობს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა.

ამასთან, შამუგიას განცხადებით, გრძელდება სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიები სრულად მომზადებული დახვდეს ვიზიტორებს.

აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, ასევე სრულდება 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ადგილებს ვიზიტორებისთვის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, 2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით 53 %-ით (902 010 ვიზიტორი) არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 22.5 მლნ. ლარის ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და რეაბილიტაციას, საიდანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუთა-როშკა-ომალოს დამაკავშირებელი პროექტი. მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციის სამუშაოები პრომეთეს, სათაფლიას, მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონის, ბორჯომ-ხარაგაულის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.

მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველად დაარსდა ორი ბიოსფერული რეზერვატი ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.

„საქართველოს უნიკალურმა ბიომრავალფეროვნებამ UNESCO-სგან მეორედ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 2021 წელს, საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის: კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკების, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში დამატების შემდეგ, 2022 წელს, UNESCO-მ „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ (დედოფლისწყარო) და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონია, ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ხარისხსა და რაოდენობის დაკვირვების ქსელის გაფართოება.

„გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მოგეხსენებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმების ჩამოყალიბება. საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს, ევროპული დირექტივების შესაბამისად მომზადებული ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

ამასთან, როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. მისი თქმით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები.

„2022 წელს, ქუთაისისა და ბათუმის რეგიონული ლაბორატორიებისთვის შევიძინეთ ორი მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო. შედეგად, შესაძლებელი იქნება წყლის რესურსების ხარისხის შეფასება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გაუმჯობესდება მონიტორინგის არსებული სისტემა, რაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯია ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონის პრაქტიკაში აღსრულებისათვის“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში, ასევე, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების 68 წყალპუნქტზე.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა