ნატო-ს ვილნიუსის სამიტი შეიძლება ისტორიული გახდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მ, ალიანსში გაწევრიანების მიზნით, უკრაინა ოფიციალურად მიიწვიოს.
„ნატო-ს ვილნიუსის სამიტი შეიძლება ისტორიული გახდეს. მადლობელი ვარ სამიტზე დასასწრებად მიწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მიწვევა. არ არსებობს არც ერთი ობიექტური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის უკრაინის ალიანსში მიწვევის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ახლა, როცა ნატო-ს ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა და უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს ალიანსში შესვლას - შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე უკვე შეუძლებელია. ზელენსკიმ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ისაუბრა.
„ჩვენ ველოდებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ძალიან კონკრეტულს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ მოკავშირე ქვეყნები მხარს გვიჭერენ იარაღით, მაგრამ გვინდა გავიგოთ: როდის გაწევრიანდება უკრაინა ნატოში? და ჩვენ ასევე გვინდა უსაფრთხოების გარანტიები ამ გზაზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების ალტერნატივას არ ამზადებს.
„ამას არ ვეუბნები ჩვენს საზოგადოებას, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ეს ნათლად იცის. ამას ვეუბნები ზოგიერთ ლიდერს, ზოგიერთ სახელმწიფოს, რომლებიც მუდმივად ეძებენ უკრაინის ნატო-ში მომავალი გაწევრიანების კომპრომისს. ჩვენ ვიქნებით ალიანსში. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ეს არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და რაც შეეხება გარანტიების პაკეტს ამ გზაზე, სანამ ჩვენ ჯერ არ ვართ ალიანსში - ეს არის ის, რისი დამტკიცებაც გვსურს ვილნიუსში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან განმარტა, რომ საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც უკრაინას სურს, ნატო-ში გაწევრიანებამდე მიიღოს.