UNFPA ქვეყნებს დემოგრაფიული ცვლილების მართვის მიზნით გატარებული ზომების გადახედვისკენ მოუწოდებს

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებულ განწყობებზე და გაჟღერებულია მოწოდება, რადიკალურად გადაიხედოს ქვეყნების მიერ დემოგრაფიული ცვლილების მართვის მიზნით გატარებული ზომები. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდში განმარტავენ, ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ტენდენციებთან დაკავშირებული შეკითხვები და წუხილები ფართოდ არის გავრცელებული და სულ უფრო მეტი ქვეყნის მთავრობები იმუშავებენ პოლიტიკას, რომელიც შობადობის მაჩვენებლების ზრდას, შემცირებას ან შენარჩუნებას ემსახურება.

მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „შობადობის მაჩვენებლებზე ზემოქმედების მცდელობები ძალიან ხშირად არაეფექტურია და გარდა ამისა, ქალთა უფლებების შელახვის რისკს შეიცავს“.

„გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ გამოქვეყნებულ საეტაპო ანგარიშში - „8 მილიარდი ადამიანი, უსასრულო შესაძლებლობები: უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე“ გაჟღერებულია მოწოდება, რადიკალურად გადაიხედოს მოსახლეობის რიცხოვნობასთან დაკავშირებული პოლიტიკა - იგი მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და მედიას, თავი შეიკავონ მოსახლეობის რაოდენობის ზრდასა და კლებასთან დაკავშირებული საკითხების გაზვიადებისაგან და ნაცვლად იმისა, რომ დასვან კითხვა მოსახლეობის რეპროდუქციის ტემპთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილონ კითხვაზე, თუ რამდენად თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, გააკეთონ საკუთარი რეპროდუქციული არჩევანი - ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ძალიან ხშირად უარყოფითია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„დაუშვებელია ქალის სხეულის გამოყენება მოსახლეობასთან დაკავშირებული მიზნების შესრულებისთვის“, - აცხადებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი და დასძენს, რომ

წარმატებული და ინკლუზიური საზოგადოებების შესაქმნელად, მოსახლეობის რაოდენობის მიუხედავად, რადიკალურად უნდა გადაიხედოს მოსახლეობის ცვლილებაზე საუბრისა და მასზე რეაგირების დაგეგმვის გზები.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ცნობით, 68 ქვეყანაში, რომელსაც ანგარიში მოიცავს, იმ ქალების 44 პროცენტს, რომლებსაც პარტნიორი ჰყავთ, შეზღუდული აქვთ უფლება მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება საკუთარი სხეულის შესახებ, როდესაც საქმე ეხება სქესობრივ კავშირს, კონტრაცეფციას და სამედიცინო მომსახურების მიღებას. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით, 257 მილიონი ქალის საჭიროება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხო და საიმედო კონტრაცეფციას, დაუკმაყოფილებელი რჩება.

„ისტორიამ გვიჩვენა, რომ შობადობის ზრდისა ან შემცირების მიზნით გატარებული პოლიტიკა ხშირად არაეფექტურია და შეიძლება ზღუდავდეს და უხეშად არღვევდეს ქალთა უფლებებს. ბევრ ქვეყანაში დაინერგა პროგრამები, რომლებიც ოჯახების ზრდას ემსახურება, ქალებისთვის და მათი პარტნიორებისთვის ფინანსური წახალისებისა და ჯილდოების შეთავაზებით, თუმცა ამ ქვეყნებში შობადობის მაჩვენებელი კვლავ დაბალი რჩება და ერთ ქალზე ორ შვილზე ნაკლებს შეადგენს. ხოლო იძულებითი სტერილიზაციისა და იძულებითი კონტრაცეფციის გზით მოსახლეობის ზრდის შენელების მცდელობა უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

ოჯახის დაგეგმვა არ უნდა იყოს გამოყენებული შობადობასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად; ოჯახის დაგეგმვა უნდა ემსახურებოდეს ინდივიდუალური პირების გაძლიერებას. ქალებს უნდა შეეძლოთ არჩევანის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და რამდენი შვილის ყოლა სურთ, ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იძულების გარეშე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ბაუერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა აღნიშნა, ის შეკითხვები და შეშფოთება, რომელიც იკვეთება შობადობის მაჩვენებლებზე საჯარო საუბრებისას, რეალურ რისკებს წარმოშობს.

„იგი ხელს გვიშლის მწვავე, თუმცა მოგვარებად პრობლემებთან გასამკლავებლად აუცილებელი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მოძიებაში და ის აგრეთვე შეიძლება ქალთა უფლებებისა და ქალებისთვის სხეულის ავტონომიის შეზღუდვის საფუძვლად იქცეს,“ - განაცხადა ფლორენს ბაუერმა.

მათივე ცნობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მომზადებული ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს მთავრობებისთვის, რომლებიც ეხება გენდერული თანასწორობისა და უფლებების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, როგორიცაა მშობლის შვებულებით სარგებლობის პროგრამები, ბავშვებისთვის საგადასახადო შეღავათები, პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას სამუშაო ადგილზე და სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფას. რეკომენდაციები მოიცავს გამოცდილ ფორმულას, რომელიც ქვეყნებს ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს და მდგრადი საზოგადოებების შექმნაში დაეხმარება, რომლებიც შეძლებენ წინსვლასა და აყვავებას, მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობაში ცვლილებებისა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ცნობით, აღნიშნულ 68 ქვეყანაში, იმ ქალებისა და გოგოების 24 პროცენტს, რომლებსაც პარტნიორი ჰყავთ, არ აქვს უფლება, უარი თქვას სქესობრივ კავშირზე, ხოლო მათ 11 პროცენტს ეზღუდება კონტრაცეფციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება.

„8 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მედიისა ან საჯარო საუბრების საშუალებით იღებენ ინფორმაციას მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, სხვებთან შედარებით უფრო პრობლემურად მიიჩნევდნენ მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდას.

მსოფლიო დემოგრაფია სწრაფად იცვლება: მსოფლიო მოსახლეობის 2/3 ცხოვრობს ადგილებში, სადაც შობადობის მაჩვენებლები დაბალია, მაშინ როცა, 2050 წლისთვის, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდის დაახლოებით ნახევარზე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ 8 ქვეყანა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდოეთი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები და ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა), რაც მკვეთრად ცვლის მოსახლეობის სიჭარბის თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რეიტინგს.

კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ფაქტორად შობადობის მაღალი მაჩვენებლის განხილვა გამორიცხავს იმ ქვეყნების პასუხისმგებლობას, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებენ ნახშირბადს. მსოფლიოში მცხოვრები 8 მილიარდი ადამიანიდან, დაახლოებით 5,5 მილიარდი ვერ გამოიმუშავებს საკმარის თანხას, დაახლოებით 10 დოლარს დღეში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ატმოსფერული ჰაერის ნახშირბადით დაბინძურებაში.

შობადობის დაბალი მაჩვენებლების მქონე საზოგადოებებში, რომლებშიც პარალელურად მოსახლეობის დაბერება იკვეთება, ეკონომიკის ზრდის ტემპის შესანარჩუნების უზრუნველსაყოფად, ბევრად უფრო ეფექტურია სამუშაო ძალის მხრივ გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვა, ვიდრე შობადობის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ცნობით, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ.

„1978 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული ყოველწლიური ანგარიში მიმოიხილავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს, უზრუნველყოფს ამ საკითხების მეინსტრიმინგს და იკვლევს საერთაშორისო განვითარების კონტექსტში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. წლევანდელი ანგარიშის შედგენაში გაეროს ორი პარტნიორი მონაწილეობდა: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მოსახლეობის განყოფილება.

წარმოადგენს რა გაეროს სააგენტოს, რომელიც შეისწავლის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ეხმარება ადამიანებს მიიღონ ინფორმაცია და მომსახურებები კონტრაცეფციისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით და ხელს უწყობს ქალების და გოგოების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება თავიანთი სხეულისა და ცხოვრების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი