შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის განახლებული პროექტის, „სერტუსის“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს პროექტი და სამომავალო გეგმები გააცნეს.
„შეგახსენებთ, რომ „სერტუსი“ ითვალისწინებს ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებას. პირველი გამოცდისათვის (10 მაისი) რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 7 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. პროექტი განკუთვნილია, როგორც დასაქმების მსურველებისათვის, მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რომელსაც სურს გაიგოს ინგლისურ ენაში საკუთარი ცოდნის დონე. ამისათვის გამოსაცდელმა უნდა აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან და გაიაროს რეგისტრაცია.
პროექტი 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საზოგადოებას „სერტუსის“ განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას სთავაზობს.
„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს მეთოდოლოგიის უმაღლეს სტანდარტს და მორგებულია, როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ასევე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე. , -ნათქვამია ინფორმაციაში.