საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს გივი ცინცაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ახალგაზრდა მკვლევართა და სპეციალისტთა მრავალი თაობის აღმზრდელის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი ცინცაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ქიმია - მიღწევები და პერსპექტივები“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ევროპისა და ამიერკავკასიის უნივერსიტეტების მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები - ქიმიკოსთა საზოგადოების წინაშე წარსდგნენ სამეცნიერო ნაშრომებით, მათ შორის კოორდინაციული ნაერთების ქიმიის, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის, ფარმაციის, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმიის, ბიოპოლიმერების ქიმიის, ნანომასალები და ნანოტექნოლოგიების, ბიოკომპლექსების შემუშავებისა და კვლევის, სურსათის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის, მეტალურგიის, ქვანტური ქიმიისა და მათემატიკური მოდელირების შესახებ.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა.

მან აკადემიკოს გივი ცინცაძის ფასდაუდებელ სამეცნიერო და პედაგოგიურ ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათეული წლების მანძილზე მთელი მისი ძალისხმევა მეცნიერების განვითარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე ქიმიკოს-ტექნოლოგთა აღზრდა-ჩამოყალიბებისკენ იყო მიმართული.

„დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღინიშნება აკადემიკოს გივი ცინცაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავი. გივი ცინცაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1965 წლიდან მოღვაწეობდა. ის მეცნიერების რთულად სავალ და ხანგრძლივ გზაზე იყო, მან მოიპოვა საერთაშორისო ავტორიტეტი, საყოველთაო საზოგადოებრივი აღიარება და პატივისცემა. გივი ცინცაძის სამეცნიერო კვლევის შედეგები მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაშია შესული და ფართოდაა ციტირებული როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სამეცნიერო გამოცემებში. ეს შრომები დიდ ინტერესს იწვევს ქიმიის, ქიმიური მრეწველობის, ტექნიკის, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტთა ფართო წრეებში, რადგან მეცნიერის მოღვაწეობა ვრცელდება არა მარტო ფუნდამენტური კვლევის დარგზე, არამედ გამოყენებით - პრაქტიკულ ხასიათსაც ატარებს. ამდენად, ბუნებრივია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიკოს გივი ცინცაძის იუბილეს საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნავს. მსურს კონფერენციის მონაწილეებს მადლობა მოვახსენო და წარმატებები ვუსურვო სამეცნიერო საქმიანობაში“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აკადემიკოს გივი ცინცაძის კოლეგებმა და მეგობრებმა. გივი ცინცაძის ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ ღვაწლზე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილმა წევრმა, ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, რამაზ გახოკიძემ და სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა.

„აკადემიკოს გივი ცინცაძის თეორიული გამოკვლევებიდან ყველაზე მეტად შთამბეჭდავია გამოკვლევები კომპლექსურ ნაერთთა და კოორდინაციულ ნაერთთა ქიმიის, ასევე, ბიოარაორგანული ქიმიის დარგში, რაშიც უდიდეს წარმატებას მიაღწია, ქართულ სამეცნიერო სკოლასაც შორს გაუთქვა სახელი და მის ნაშრომებზე დაყრდნობით, მსოფლიოს მრავალმა მეცნიერმა არაერთი ღირებული ნაშრომი შექმნა. მიკროელემენტებისა და სამკურნალო ნივთიერებების საფუძველზე, ახალი ბიოკომპლექსების სინთეზმა, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და ელექტრონული სტრუქტურების შესწავლამ საიმედო ფუნდამენტი შეუქმნა ბიოლოგიური აქტივობის მექანიზმის გაგებას, საფუძვლად დაედო ბიოლოგიურად აქტიური ბიოარაორგანული კომპლექსების მიზანმიმართულ სინთეზს. ჩვენს ქვეყანაში სწორედ მან განავითარა ქიმიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევები. გივი ცინცაძის ინიციატივით შექმნილი მიმართულებები – ნაერთების სინთეზი, სპექტრული, მაგნეტოქიმიური, სტრუქტურული და სხვა თანამედროვე გამოკვლევები დღემდე ინტენსიურად გამოიყენება მრავალ სამეცნიერო ცენტრში. სწორედ ამ და სხვა კვლევებისა და სამეცნიერო მიღწევების გამო, აკადემიკოსი გივი ცინცაძე კოორდინაციული ქიმიისა და კრისტალოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. ის იყო ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი, ივ. ჯავახიშვილისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლების მფლობელი, დაჯილდოებულია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ვერცხლის მედლით, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედლით - “მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის”, - განაცხადა პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა.

სტუ-ის ინფორმაციით, გივი ცინცაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა მუშაობა ექვსი სესექციო მიმართულებით წარმართეს და თავიანთი კვლევები და სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს.

აკადემიკოს გივი ცინცაძის 90 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, 21 აპრილს, გაიმართება საიუბილეო სხდომა, რომელსაც აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე გახსნის. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე წარსდგება.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა