საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხის მასალის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით ტრანსპორტირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, მეწარმე სუბიექტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის საქმიანობის სფეროს ხის მასალის რეალიზაცია წარმოადგენდა, წინასწარი შეცნობით უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა შეიძინა, რომლის ტრანსპორტირებაც სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით განახორციელა, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ხსენებული მეწარმისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, ტვირთის შემოწმების შესაბამისი პროცედურები არ განახორციელა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის გადაზიდვის ფაქტი არ აღკვეთა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.