მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ განიხილოს.
ოჯახის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის შესასრულებლად პეტიციაა შექმნილი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს დროში გახდება.
კერძოდ, პეტიციას ორი მოთხოვნა აქვს: 1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს და მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ; 2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გრიგორიადისი გირაოთი გათავისუფლდეს.
როგორც ლაზარე გრიგორიადისის მამა აღნიშნავს, მისი შვილის გასაწირად ყველაფერი კეთდება და იმედი აქვს, რომ ნაფიც მსაჯულთა კოლეგია გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ლაზარე გაწირონ. საქართველოს დღევანდელ სასამართლოს არავინ ენდობა, მეც არ ვენდობი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ბიჭი გაასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სადაც მივიღებთ იმ სიმართლეს, რასაც ელოდება ხალხი. იმიტომ მაქვს მოქალაქეების იმედი, რომ მაშინ ჩემი ბიჭი იმ მოქალაქეების გვერდით იდგა და დარწმუნებული ვარ, რომ ის მოქალაქეები ჩემს ლაზარეს ამ სიტუაციაში არ დატოვებენ,“ - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის მამამ.