ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ დალუქული ოფისების მფლობელები უცხოელები არ არიან, ფართების დამქირავებლები არიან უცხოელები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმის“ საოპერაციო კომპანიის წარმომადგენელმა ვასილ ძოწენიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, გუშინ ბიზნეს-ცენტრში, სადაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა, თავადაც იმყოფებოდა, თუმცა რა წაიღეს სამართალდამცავებმა, ინფორმაცია არ აქვს. როგორც ძოწენიძემ აღნიშნა, ერთადერთი, რისი თქმაც შეუძლია, არის ის, რომ პოლიციას გუშინ არავინ დაუკავებია. ამასთან, მისი თქმით, გამოძიება გამოკითხვის მიზნით არც მას დაკავშირებია.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ესენი არიან უცხოური ორგანიზაციები და ჩემი ინფორმაციით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ. კონკრეტული ფართების მეპატრონეები არიან სხვები, რომლებსაც ეს ფართები გაქირავებული აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, საჯარო რეესტრის ამონაწერებში ჩანს, ვის მფლობელობაშია. ასევე, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ არავინ დაუკავებიათ, ხოლო რა წაიღეს, ამაზე, ალბათ, საგამოძიებო ორგანოები გიპასუხებენ“, - განაცხადა ვასილ ძოწენიძემ.