მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადებულ 10 მილიონი ლარის ტენდერის პირობებს, გაანახევროს თანხა და 5 მილიონი ლარით დააფინანსოს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ბრიფინგზე განაცხადა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანი და მისი გასაჭირი არ არის მთავარი საზრუნავი და მოქალაქეები მარტო არიან დარჩენილი საკუთარ პრობლემებთან.
„სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრთან გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანი და მისი გასაჭირი არ არის მთავარი საზრუნავი და დღეს, ისე როგორც არასდროს, მოქალაქეები მარტო არიან დარჩენილი საკუთარ პრობლემებთან, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას სრულიად დავიწყებული ჰყავს ისინი, არ სურს მათი მოსმენა, გაგება, თანაგრძნობა და რაც მთავარია, კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გასაჭირში დარჩენილი ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად. ამის დასტურია, პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ამ დღეებში გამოჩენილი სრული ინდიფერენტულობა, იგნორირება, ნულოვანი ემპათია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სახლებში მძიმედ დაავადებული ბავშვები ელოდებიან, ქუჩაში, წვიმასა და სიცივეში პროტესტის მშვიდობიანი ფორმით ითხოვდნენ პრემიერთან შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ. პრემიერმა ვერ მოიცალა მათთან შესახვედრად, მაგრამ მოიცალა ამ უსახური შავი ღობის მოსაწყობად, რაც დარჩება ამ ხელისუფლების დეგრადაციისა და საკუთარ მოქალაქეებთან სრული გაუცხოებისა და კარჩაკეტილობის მავნე სიმბოლოდ! ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბოლო იმედი, რომ ხელისუფლება კონკრეტულ გეგმას, კონკრეტულ გამოსავალს შესთავაზებდა მშობლებს, გაქრა! მაგრამ არსად გამქრალა მშობლების, საკუთარი შვილებისთვის თავდადებული დედებისა და მამაცი ქალების შემართება, რომ ბოლომდე იბრძოლონ საკუთარი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებისთვის“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს თბილისის მერიას, გადახედოს ნაგვის ურნების შესაძენად 10 მილიონი ლარის ტენდერის პირობებს, გაანახევროს თანხა, 5 მილიონი ლარი კი საკმარისი იქნება იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის დასაფინანსებლად.
„ამ ბრძოლაში კი ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები პირველივე დღიდან მათ გვერდში ვდგავართ და დღესაც გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ პროტესტის მონაწილე ყველა მშობლის მიმართ და რაც მთავარია, გარდა მორალური მხარდაჭერისა, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატები, გამოვიდეთ კონკრეტული ინიციატივით, რაც მდგომარეობს შემდეგში: თბილისის მერიას გამოცხადებული აქვს 10 მილიონი ლარის ტენდერი მიწისქვეშა ნაგვის ურნების შესაძენად – თითო ნაგვის ურნა თბილისელებს 50 ათასი ლარი დაუჯდებათ! არ მოგესმათ - 50 ათასი ლარი თითო ნაგვის ურნა! წარმოუდგენელია, იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში და მის დედაქალაქში უამრავი სოციალური პრობლემაა, თბილისს ჰყავდეს მერი, რომელიც ასეთი ფუფუნების უფლებას მისცემს თავს და მაშინ, როცა გაერო-ს ბოლო კვლევის თანახმად ყოველი მესამე ბავშვი ვერ ახერხებს კვებას სასკოლო პერიოდში, როცა არ არის დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება საზოგადოებრივ სივრცეებში და უამრავი ადამიანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, თბილისის მერმა ისეთი ფუფუნების უფლება მისცეს თავს, როგორც 50 ათას ლარიანი ნაგვის ურნებია. ამიტომ, მოვითხოვთ თბილისის მერიამ სასწრაფოდ გადახედოს ტენდერის პირობებს, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ერთ კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული, რაც აშკარად მიუთითებს კორუფციულ ინტერესებზე და გაანახევროს გამოყოფილი თანხა. დაზოგილი თანხით კი გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას! იმედი გვაქვს, თბილისის მერია, გაითვალისწინებს ჩვენს ამ ინიციატივას და უახლოეს მომავალში წარმოადგენს ტენდერის ახალ პირობებს 5 მილიონი ლარის ეკონომიისთვის, რაც სრულიად საკმარისია ამ ეტაპზე იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის დასაფინანსებლად. აქვე გაცნობებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი პარალელურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე, რასაც უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოსვლისკენ და მათთან დალაპარაკებისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ შეხვდება, "ვერავის ვერ შეხვდება". პარალელურად, აქციის მონაწილეებს ჩართული აქვთ საყვირები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.