„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის ანალიზს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ანტიკორუფციული ცენტრალიზებული ორგანოს შექმნას, მისთვის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისა და თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კონტროლის ფუნქციის მინიჭებას დადებითად აფასებს.

თუმცა, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი ნაკლოვანია, რადგან დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ბიუროს არ ანიჭებს საგამოძიებო ფუნქციას და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის ფუნქციად რჩება.

„კანონის თანახმად, ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, თუმცა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება ძირითადად ფორმალური ხასიათისაა. ბიუროს უფროსის დანიშვნა და კანონით დადგენილ შემთხვევებში გათავისუფლება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. კანონი ასევე არ ითვალისწინებს ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიებს, მაგალითად, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, ჩხრეკის აკრძალვას საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე.

კანონით ასევე არ არის უზრუნველყოფილი ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციაზე მისაწვდომობის სათანადო გარანტიები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ბიუროს მიერ ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმა ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებში გააერთიანა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, აუდიტის სამსახურისა და საჯარო სამსახურის ფუნქციები.

კორუფციასთან ბრძოლის ცენტრალიზებული მოდელის შექმნა მისასალმებელია და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს. იმისთვის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ წარმატებით შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს: კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების უფლებამოსილება; საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული ფუნქციები, მათ შორის: მამხილებელთა დაცვა, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სამართლებრივი ნორმების შესრულების კონტროლი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანიშვნა, რადგან პრემიერ-მინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის. ასევე საპარლამენტო რესპუბლიკაში მნიშვნელოვანია პარლამენტი ეფექტურად ახორციელებდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ზედამხედველობას და უზრუნველყოფილი იყოს ანტიკორუფციული ბიუროს რეალური ანგარიშვალდებულება წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე. მიზანშეწონილია კანონი კრძალავდეს სამსახურის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ისევე როგორც იკრძალება მაგალითად სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და არაერთი თანამდებობის პირის შემთხვევაში. დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირებისა და დემოკრატიული მმართველობისთვის ასევე აუცილებელია აკრძალული იყოს პირის არჩევა თანამდებობაზე ზედიზედ ორი ვადით. მნიშვნელოვანია ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონდეს შეუზღუდავი და პირდაპირი წვდომა ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც ჭირდება კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ფუნქციების სრულფასოვანი შესრულებისათვის. დადებითად უნდა შეფასდეს კანონმდებლობით ანტიკორუფციული ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დადგენა, თუმცა ინფორმაციის წვდომის აღნიშნული მექანიზმებით არაერთი ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს და ეს მექანიზმები არ არის საკმარისი კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისა და ფუნქციების ოპერატიულად შესრულებისათვის.

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის მნიშვნელოვანია ანტიკორუფციულ ბიუროს წვდომა საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან კანონით იყოს გარანტირებული, რაც ასევე წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის რეკომენდაციით, ანტიკორუფციული ბიურო ფუნქციურად უნდა გაძლიერდეს და კორუფციულ დანაშაულთა გამოძიება მისი ფუნქცია გახდეს, ასევე უნდა გაიზარდოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, მისი უფროსი პარლამენტის მიერ პოლიტიკური კონსენსუსით ინიშნებოდეს და კანონი ადგენდეს მისი ხელშეუხებლობის გარანტიებს.

„ასევე, უნდა გაიზარდოს ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. ბიუროს ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი, ანგარიშის შეფასებასთან ერთად, უნდა განსაზღვრავდეს პარლამენტის დავალებებს და მონიტორინგის ვადებს. ბიუროს უფროსის ხელმძღვანელის არჩევისთვის უფრო მაღალი კრიტერიუმები უნდა იყოს დადგენილი და სავალდებულო კრიტერიუმად არ იყოს განსაზღვრული იურიდიული განათლება. კანონით უნდა იზღუდებოდეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არჩევა ზედიზედ ერთ ვადაზე მეტი ხნით. ბიუროს უფროსს არ უნდა ჰქონდეს უფლება შეასრულოს ბიუროს უფროსის მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. ანტიკორუფციულ ბიუროს სრული ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე და წვდომა საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან კანონით უნდა იყოს გარანტირებული. ბიურო პირდაპირ უნდა იყოს პასუხისმგებელი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის ყველა ნორმის აღსრულებაზე, მათ შორის: მამხილებელთა დაცვაზე, ინტერესთა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევების პრევენციაზე, გამოვლენასა და გადაჭრაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის ანალიზი სრულად

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ