საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრ იანოშ ლაზარს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრების მონაწილეებმა ერთმანეთს სამინისტროების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გაუზიარეს.
ირაკლი ქარსელაძემ მასპინძლებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებმ იაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა საქართველოს განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებზე და მისი შესრულების ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე, საგზაო, წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის, ურბანული განახლებისა და სხვა მიმართულებით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უნგრეთის წარმატებული გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები. ასევე, შეთანხმდნენ ინსტიტუციური გაძლიერების, კანონმდებლობის გაუმჯობესების, ევროპული სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვის მიზნით, უნგრეთში დაგროვილი გამოცდილების დარგების მიხედვით გაზიარებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები.