მტერი თავის ანაფორიან აგენტებს ძალიან აფასებს, ერთ-ერთი ასეთი პირი 28 უკრაინელ სამხედროზე გავცვალეთ, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა სააგენტო “ინტერფაქს-უკრაინასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ 2022 წლიდან სისხლის სამართლის საქმეები 61 სასულიერო პირის წინააღმდეგ არის აღძრული, "მთლიანობაში კი, სასამართლომ უკვე 7 განაჩენი გამოიტანა ცალკეული სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომლებიც მტრის მხარეს დადგნენ".
მალიუკმა აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის უკვე ორი მღვდელი გაცვლის შედეგად მოსკოვს გადაეცა.
“მინდა აღვნიშნო, რომ მტერი ძალიან აფასებს თავის ანაფორიან აგენტებს - კი, ერთ-ერთი ასეთი პირი უკვე გავცვალეთ 28 უკრაინელ სამხედროზე… აქამდე უკვე მითქვამს - ანაფორისა და საცეცხლურის ფლობა დამამძიმებელი გარემოება არ არის, მაგრამ კრიმინალური პასუხისმგებლობისგანაც არ ათავისუფლებს და არანაირ ინდულგენციას არ იძლევა. მხოლოდ კანონის ფარგლებში ვმუშაობთ, სასულიერო რანგის მიუხედავად”, - განაცხადა მალიუკმა.