სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
როგორც ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები.
„მინდა გამოვეხმაურო აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული.
სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები.
მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია“,-წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.