საქართველოს პროკურატურა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 13 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება შეცვალა, ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.