„დედამიწის დღის“ აღნიშვნის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და თბილისის მწვანე სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე ცენტრის დირექტორი, თამარ ალადაშვილი ესაუბრა.
მათივე ცნობით, დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც აშშ-ში საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.
,,ჩვენთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომელიც ადრეული ასაკიდან ყალიბდება. მოსწავლეებთან ერთად ამ დღის აღნიშვნა და მათი გარემოსდაცვით აქციებში ჩართულობა მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ საკითხებზე, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე. მათი ინტერესი და ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში მისასალმებელია”, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, „დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით, მოსწავლეებმა, შეხვედრის შემდეგ, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
მათივე ცნობით, აღნიშნული დღის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.