თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტებმა სხვადასხვა ქართულ კომპანიაში საწარმოო პრაქტიკა გაიარეს და წარმატებითაც დასაქმდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების გასაზრდელად თსუ-ში თეორიულ კურსთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აუცილებელ პრაქტიკულ ნაწილსაც. სტუდენტების დასაქმებისა და სასწავლო პროცესში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორი კომპანიები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, პროფესორები, სტუდენტები, დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის თქმით, კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ ზოგადად, მეცნიერების განვითარებისთვისაც.
„ის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა გაიარეს პრაქტიკა ამ საწარმოებში, ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ხელს უწყობს, მათი თეორიულო ცოდნა პრაქტიკულ გარემოში გაიშალოს. მიხარია, რომ ბიზნესმა ინტერესი გამოთქვა, კარი გაუღო ჩვენს სტუდენტებს და თავიანთ ლაბორატორიებში შეუშვა, ვინაიდან ისინი არიან ხვალინდელი დღე ბიზნესისთვისაც, მეცნიერებისთვისაც და უნივერსიტეტისთვისაც“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
თსუ-ს ინფორმაციით, პრაქტიკის პერიოდში სტუდენტები გაეცნენ საწარმოების ისტორიას, ტექნოლოგიურ პროცესებს, წარმოების პროდუქტებს, მათი შეფუთვის საშუალებებს, აგრეთვე წარმოების უსაფრთხოების წესებს და ეთიკის ნორმებს.
„ბოლო 3 წლის განმავლობაში პარტნიორ კომპანიებში საწარმოო პრაქტიკის და სტაჟირების გავლის შემდეგ 50-ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა. ეთო დერევიანჩენკო თსუ ქიმიის მიმართულების ბაკალაბრიატის საფეხურის მე-4 კურსის სტუდენტია, მან საწარმოო პრაქტიკა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიარა. ერთწლიანი სტაჟირების შემდეგ ეთო ოფიციალურად დასაქმდა ლაბორატორიის სპეციალისტის თანამდებობაზე სურსათის კვლევის დეპარტამენტში. „მადლობას ვუხდი ლაბორატორიას, რომ მომცა შესაძლებლობა გავზრდილიყავი როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად და ის ცოდნა, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში მივიღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განმეხორციელებინა პრაქტიკულად, მოგეხსენებათ, ქიმია პრაქტიკის გარეშე არ არსებობს“- აღნიშნავს თსუ სტუდენტი.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის მე-8 სემესტრის 69 სტუდენტმა საწარმოო პრაქტიკა შემდეგ კომპანიებში გაიარა: გარემოს ეროვნული სააგენტო; „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“; შპს „ავერსი-რაციონალი“; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”; საზოგადოება ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“; შპს „ჰენკელ ბილდინგ ქემიკალს ჯორჯია“; სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია; შპს“ სპექტრა გეზის ჯორჯია“; კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილება“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.