ავტომობილების რეექსპორტის სქემა სახელმწიფო დონეზე დალაგებული თაღლითობაა, რომელსაც ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს, - ამის შესახებ „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, ადმინისტრაციულმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დიდი საავტომობილო კომპანიები რუსეთის ბაზრიდან გამოვიდნენ, ფოთის პორტში შემოსული ევროპული და ამერიკული პრემიუმ ბრენდის ავტომობილები აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში რეექსპორტის შედეგად გადის.
როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, ამის შედეგად ავტომობილები რუსეთის სახმელეთო საზღვარს კვეთენ და სანქცირებული პროდუქცია მის „ფინალურ მყიდველამდე“ მიდის.
„ავტომობილების რეექსპორტის თემაზე რთული აღსაქმელია ის არაკეთილსინდისიერი სქემა, რომლითაც საქართველო რუსეთს, ფაქტობრივად, აკრძალული პროდუქციით ამარაგებს. ეს სქემა სახელმწიფო დონეზე დალაგებული თაღლითობაა, რომელსაც აუცილებლად ჰყავს მფარველები ხელისუფლებაში და, სავარაუდოდ, სწორედ ამ მფარველებსა და სქემაზე მოსთხოვეს პასუხი ფინანსთა მინისტრს, მისი ვაშინგტონში „დაუგეგმავი ვიზიტისას”. რატომ შეზღუდავდნენ ავტომობილების გატანას ლარსის პუნქტიდან? ლარსის პუნქტი ამ დიდი ფაზლის მხოლოდ ერთი ნაწილია. სქემა მოიცავს ავტომობილების რეექსპორტს რუსეთში როგორც ლარსის, აგრეთვე შუამავალი ქვეყნების გავლით, როგორებიცაა: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.
უბრალოდ შეგახსენებთ, რომ თითქმის ყველა დიდი დასავლური საავტომობილო ბრენდი რუსეთის ბაზრიდან გამოვიდა.
ფოთის პორტში შემოდის ამერიკასა და ევროპაში ნაყიდი ავტომობილები, ძირითადად, პრემიუმ ბრენდის. ამ ავტომობილების რეექსპორტი ხდება აზერბაიჯანში, სომხეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. ამ ქვეყნებში ეს ავტომობილები ადგილობრივი მოქალაქეების პირად ავტომობილებად ფორმდება და ასე ინდივიდუალურად ეს მანქანები რუსეთის სახმელეთო საზღვარს სხვადასხვა წერტილში კვეთენ. ასე მიდის ეს სანქცირებული პროდუქცია მის ფინალურ მყიდველამდე რუსეთში.
ამ სქემის ნათელი მტკიცებულებაა „საქსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტი ბოლო კვარტალში 1457%-ით გაიზარდა. მთავარი საექსპორტო პროდუქცია ავტომობილებია და მთელი ექსპორტის მოცულობის 90%-ია. ყაზახეთის მიმართულებით ექსპორტი ბოლო კვარტალში 415%-ით გაიზარდა. აქაც ავტომობილებია მთავარი ექსპორტირებული პროდუქცია და ყაზახეთში საერთო საექსპორტო მოცულობის 71.3% უჭირავს.
ამ სქემის არსებობა საქართველოდან შეუძლებელი იქნებოდა, საბაჟო სამსახურის, ფინანსური პოლიციის, სუს-ისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირი ჩართულობის გარეშე. ეს არის რეალობა და რაც არ უნდა მოიტყუოს მინისტრმა ხუციშვილმა, რომ ვაშინგტონში სასეირნოდ და სმიტსონის მუზეუმის მოსანახულებლად იყო ჩასული, ამ საკენკს არავინ ჭამს”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.