სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით, დეველოპერული კომპანიის m2-ის მხარდაჭერით და „ეკოსერვის ჯგუფის“ დახმარებით სამგორის რაიონში გამწვანების აქცია - „გაამწვანე სამგორი“ კვლავაც გრძელდება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ამჯერად, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ალექსიძის და თაყაიშვილის ქუჩებზე სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე m2-ის მიერ ნაჩუქარი არიზონას და ლეილანდის კვიპარისი დაირგო.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, კომპანიამ დედაქალაქს საჩუქრად 1200 სხვადასხვა ჯიშის ნერგი გადასცა, რომელთაგან ნაწილი ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე დაირგო.
,,დიდ მადლობას ვუხდი კომპანია m2-ს, რომელმაც ჩვენს ქალაქს 1200 სხვადასხვა ჯიშის ნერგი აჩუქა. დღეს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ლოკაციაზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობას 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად წითელი ჯვრის ბენეფიციარები, ჩვენი ბებია-ბაბუები იღებენ.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქის გამწვანება-გალამაზებაში ყველა თაობის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას’’,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
m2-ის გენერალური დირექტორის თქმით, მათ მიერ შეძენილი ნერგები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე დაირგვება.
,,აღნიშნული აქტივობა კი დღეს, ვარკეთილის ტერიტორიაზე დაიწყო’’, - აღნიშნა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა
გამწვანების აქციაში მონაწილეობა რევაზ სოხაძესთან ერთად დეველოპერული კომპანიის m2 -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა, დედაქალაქის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ასევე, 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბენეფიციარებმა მიიღეს.