აშშ-ის სამხედროებმა სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხარტუმიდან აშშ-ის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ზუსტად რამდენი ადამიანი გაიყვანეს თვითმფრინავებით სუდანიდან. თუმცა, ოპერაციამდე, CBS News-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 70 თანამშრომლის ევაკუაცია იგეგმებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მეორე ევაკუაცია მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, სუდანის დედაქალაქში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის შეტაკებები დაიწყო. მანამდე, შაბათს, 150-ზე მეტი მოქალაქის, დიპლომატისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.