24-25 აპრილს, პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია (EUSC) გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა.
ასევე, შალვა პაპუაშვილის ორმხრივი შეხვედრები იგეგმება, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრებს გამართავს. ვიზიტში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.
წელს, კონფერენციის განხილვის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის რეაგირება იქნება. ყოველწლიური ფორუმი, მიზნად ისახავს პარლამენტარიზმის როლის გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.