რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, კანადაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება გადაწყვეტილების მიზეზად კანადაში რუსების „დისკრიმინაციის მრავალრიცხოვან შემთხვევებს“ ასახელებს.
„კანადაში რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციის მრავალი შემთხვევის, მათ შორის ფიზიკური ძალადობის გამო, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ქვეყანაში ტურიზმის, განათლებისა და საქმიანი ურთიერთობების მიზნით მოგზაურობისგან. თუ უკვე კანადაში იმყოფებით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფხიზლე, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გასულ კვირას, რუსეთმა 333 კანადელ ოფიციალურ პირსა და საზოგადო მოღვაწეს სანქციები დაუწესა, რაც მოსკოვის მტკიცებით, კანადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე რეაგირებას წარმოადგენდა.
ცნობისათვის, შარშან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კანადამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ რუსეთში მოგზაურობას. ამასთან, გასული წლის შემდეგ, კანადამ ასობით რუს ოფიციალურ პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა.