მამუკა გამყრელიძე - თურქეთის არჩევნებში მრავალფეროვანი ოპოზიციური გაერთიანება აჩენს პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობას, რაც ქართულმა ოპოზიციამ მომავალი არჩევნებისთვის უნდა გაითვალისწინოს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე თურქეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების და რეგიონში ამ არჩევნების შედეგების შესაძლო გავლენის შესახებ საუბრობს.

- უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება საპრეზიდენტო არჩევნებამდე თურქეთში. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი შედეგით დასრულდება არჩევნები. თქვენი დაკვირვებით, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი და თუ შეიძლება რაიმე სახის პროგნოზების გაკეთება?

-ეს არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, ვინაიდან თურქეთი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორი იქნება თურქეთში პოლიტიკური ძალების განლაგება მომავალში. აღმოსავლეთში სიმბოლოებს დიდი დატვირთვა აქვს, უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით დატვირთულია სიმბოლიზმით. გარდა იმისა, რომ არჩევნები ემთხვევა რესპუბლიკანიზმის 100 წლისთავს, სწორედ 14 მაისს დამთავრდა თურქეთში "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" ჰეგემონია, ამასთანავე მაისში მოხდა კონსტანტინოპოლის დაცემა და სტამბოლი გახდა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. ჩემი აზრით, ამ არჩევნებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების განლაგება. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის ოთხი კანდიდატი. რეალურად გამარჯვებისთვის იბრძვის 2 კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციური ალიანსის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც "სახალხო დემოკრატიული პარტიის" ხელმძღვანელია. დანარჩენ ორ კანდიდატს, მათ შორის მუჰამედ ინჯეს, რომელიც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ერდოღანთან, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ აქვს. ინჯეს დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ექვსი პარტიისგან შემდგარმა ალიანსმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა და არჩევანი ქემალ ქილიჩდაროღლუზე გააკეთა, განაწყენებულმა მაინც გადაწყვიტა არჩევნებში ძალების მოსინჯვა.

გაერთიანებული ოპოზიციური ალიანსი 6 პარტიისგან შედგება, რაც ასევე სიმბოლურია. ოპოზიციურ გაერთიანებაში ყველაზე მსხვილი პარტიაა "სახალხო დემოკრატიული პარტია", რომლის ნიშანი არის 6 ისარი, რაც დაკავშირებულია ამ პარტიის იდეოლოგიასთან - ქემალიზმთან. ქემალიზმი ეყრდნობა 6 პრინციპს: რესპუბლიკანიზმი, ნაციონალიზმი, ეტატიზმი, პოპულიზმი, სეკულარიზმი და რევოლუციონერობა, რომელიც განიხილება, როგორც აღმოსავლური ქვეყნის სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისკენ. ალიანსში ბევრი საინტერესო ლიდერია, ყოფილი ვიცე-პრემიერი ალი ბაბაჯანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მერალ აქშენერი, ასევე სტამბოლის და ანკარის მერები, ექრემ იმამოღლუ და მანსურ იავაში, რაც ოპოზიციურ ალიანსს კიდევ უფრო აძლიერებს.

-დიდი გაერთიანების და ამ პერსონების მიუხედავად, რა შანსი აქვს ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებში გამოცდილ ერდოღანთან, რომელიც თურქეთს უკვე 21 წელია მართავს?

-იმ კვლევების მიხედვით, რაც თურქეთში ტარდება, სახელისუფლებო და ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატების შანსები დაახლოებით 50/50-ზეა. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში ოპოზიცია ასე ახლოს არასდროს ყოფილა გამარჯვებასთან, თუმცა წინასწარ გამორიცხულია რაიმე პროგნოზის გაკეთება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ არჩევნები ტარდება თურქეთისთვის უმძიმეს ვითარებაში. თურქეთს აქვს კატასტროფული ეკონომიკური ვარდნა, რასაც დაემატა რამდენიმე თვის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც აჩვენა პრობლემები მშენებლობაში, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ხელისუფლებაში, რაც მძიმედ აისახება სამთავრობო კანდიდატის, მოქმედი პრეზიდენტის პოზიციებზე.

თუ სახელისუფლებო კანდიდატის ძირითადი დასაყრდენი არის ძლიერი სახელმწიფო, ისლამზე ორიენტირებული თურქეთი, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე, რაც არის ერთგვარი სიამაყის ფაქტორი თურქეთის მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის ძირითადი გზავნილებია დასავლეთთან მაქსიმალური დაახლოება, უკვე გაფუჭებული ურთიერთობების დარეგულირება და ევროკავშირში შესვლისათვის დაწყებული მოძრობის აღდგენა, ასევე ხალხისთვის ბენეფიტების და მაქსიმალური შეღავათების დაპირება, ყველა საკითხში უფრო ლიბერალური მიდგომები.

შეიძლება ითქვას, რომ ერდოღანის ძირითადი დასაყრდენია რეგიონები, დიდი ქალაქები კი მხარს უჭერს ოპოზიციურ ლიდერს. ოპოზიციური ალიანსი საკმაოდ ეკლექტურია. მასში გაერთიანებული არიან ისლამისტური პარტიებიც, რომლებიც ძალიან დიდ როლს შეასრულებენ, მოხდეს ისლამური აზროვნების ხალხის მიმხრობა. უნდა გავითვალისწინოთ ქურთების ფაქტორიც. ქურთების პარტიები თავისი ნაციონალისტური მიზნებიდან გამომდინარე პირდაპირ არ მონაწილეობენ ამ გაერთიანებაში, თუმცა ისინი ირიბ მხარდაჭრას უცხადებენ ოპოზიციას, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის მინიმუმ 10-12% ოპოზიციური ალიანსის კალათაში წავიდეს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ოპოზიციას ხმებს დააკარგინებს მუჰამედ ინჯე, რომელიც ცალკე გამოდის და ოპოზიციური ხმების 5%-ს მაინც წაიღებს, რაც დაასუსტებს ოპოზიციურ ფლანგს იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიცია პირველ ტურში ვერ მოახერხებს გამარჯვებას და დიდი ალბათობით, იქნება მეორე ტური.

-როგორ შეიძლება აისახოს ამ არჩევნების შედეგები ჩვენს რეგიონზე, რომელიც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას?

-თურქეთის როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და მისი, როგორც ლიდერი ქვეყნის პოზიცია, ალბათ, არ შეიცვლება. საქართველოსთან ურთიერთობაზე, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მათი მეტად პროდასავლური განწყობები, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება. ერდოღანის მთავარი გზავნილი ასეთია - თურქეთი უნდა იყოს ისლამური სამყაროს და თურქული ერების ლიდერი ქვეყანა, შესაბამისად, თურქეთი უნდა განიხილებოდეს, როგორც უძლიერესი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფო მსოფლიოში. მან ამისთვის მართლაც ბევრი გააკეთა. ჩავარდნილი ეკონომიკის და დამანგრეველი მიწისძვრის პირობებში მაინც მოახერხა წინასაარჩევნოდ რამდენიმე არქიმნიშვნელობის პროექტის განხორციელება. წელს შევა ექსპლოატაციაში ისეთი სტრატეგიული პროექტი, როგორიცაა საქარიას გაზის საბადო შავ ზღვაში, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თურქეთის დამოკიდებულება იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე. უმნიშვნელოვანესია აქუიუს უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც შენდება რუსეთის ფულით და რუსული ტექნოლოგიებით. ერდოღანი ამ პროექტის გახსნას პუტინთან ერთად გეგმავდა, თუმცა ვინაიდან პუტინი ვერ ჩავა თურქეთში გასაგები მიზეზების გამო, ერდოღანს მისი გახსნა მარტოს მოუწევს. ეს არის თურქეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის გრანდიოზული პროექტი. სამხედრო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ავიამზიდ „ანადოლუს“ გაშვება შავ ზღვაში, რომელიც გამოიყენება როგორც მცირე ზომის ავიაგამანადგურებლების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების და ვერტმფრენების გადასაყვანად. ამავდროულად, თურქეთში გაიხსნა უზარმაზარი საფინანსო ცენტრი, რომელშიც გაერთიანებულია თურქული, და არა მხოლოდ თურქული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები. ეს იქნება საფინანსო ჰაბი აზიის რეგიონული მასშტაბით. ერდოღანი, როგორც სჩვევიათ ავტოკრატებს, აქცენტებს აკეთებს თურქეთის სიდიადზე, მის ძლევამოსილ მომავალზე, რაც სამწუხაროდ, არ აისახება ხალხზე. პირიქით, აისახება ძალიან უარყოფითად, სწორედ ამაზე აპელირებს ოპოზიცია, რომელიც ხალხს უხსნის, რომ ერთი კაცის მმართველობას ქვეყანა მიჰყავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებამდე, რაც ჩანს კიდეც თურქეთში. ერდოღანს კატეგორიულად გაუფუჭდა ურთიერთობა დასავლეთთან, იმის მიუხედავად, რომ ამერიკამ გადადგა ნაბიჯები თურქეთთან სიტუაციის ნორმალიზებისთვის და მზად არის კიდევ წავიდეს გარკვეულ დათმობებზე თურქეთის ხელისუფლებასთან, რისთვისაც ერდოღანი მზად არ არის.

ეს არჩევნები, არა მხოლოდ საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო არჩევნებიცაა, არ არის გამორიცხული, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, პარტიებმა შეცვალონ კონსტიტუცია და აღადგინონ თურქეთის საპარლამენტო რესპუბლიკა. ოპოზიციას არ აწყობს მყარი საპრეზიდენტო რესპუბლიკის არსებობა, თავად ქემალისტური მიდგომა არ არის ერთი პიროვნების მმართველობა, უფრო მრავალფეროვანი მასების მიერ მართვაზეა დაფუძნებული.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობა, რომელიც გაიზარდა ერდოღანის პრეზიდენტობის პერიოდში. მათი რიცხვი დაახლოებით 5 მილიონზე მეტია, მათი უმეტესი ნაწილი სწავლობდა ისლამურ უნივერსიტეტებში, რომელიც გაიხსნა ერდოღანის მმართველობის პერიოდში, შესაბამისად მათში ძლიერია ისლამისტური განწყობა. ამ ახალგაზრდობას აქამდე არ მიუღია მონაწილეობა არჩევნებში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება თურქეთის მომავალთან დაკავშირებით, რაც იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ამ არჩევნებში.

-საკმაოდ ბევრი პარალელების გავლება შეიძლება თურქეთის და საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ ვითარებას შორის, თუმცა მასშტაბი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. შეიძლება თუ არა თურქეთის არჩევნები აღმოჩნდეს პრეცედენტული ან რაიმე ფორმით გამოცდილება ჩვენთვის, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?

-პარალელები არსებობს, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც, მაგალითად, - თურქეთის სახელისუფლებო პარტიის ლიდერი აქტიურად ჩანს, ჩვენი - ჩრდილოვანი მმართველია და ღიად არ ჩნდება. ამის მიუხედავად, ორივე სამთავრობო პარტია შეიძლება განვიხილოთ როგორც ავტოკრატიული მოდელის პარტიები. თურქეთშიც და საქართველოშიც დიდი ბიზნესი მოყოლილია ხელისუფლების წნეხის ქვეშ. თურქეთში, ისევე როგორც ჩვენთან, იკლო დასავლურმა ინვესტიციებმა და მათი ადგილი დაიკავა არაბულმა ინვესტიციებმა კატარიდან, ემირატებიდან, საუდის არაბეთიდან. ამ ქვეყნებთან თურქეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ რუსეთის ჩართვა თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ატომურ ელექტროსადგურის მშენებლობაში, რაც ნიშნავს რუსეთის აქტიურ მონაწილეობას მის მართვაში. დასავლური ინვესტიციების ჩანაცვლება ავტოკრატიული ქვეყნების ინვესტიციებით კატეგორიულად არ მოსწონოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც განწყობილია პროდასავლურად. მათი რიცხვი თურქეთში ძალიან დიდია, მათ შორის არის თურქეთის ძლიერი დიასპორა დასავლეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში. ისინი დიდ როლს თამაშობენ თურქეთის ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ფაქტორი ჯერ არ იგრძნობა. თურქეთშიც, ისევე როგორც ჩვენთან არსებობს ერთგვარი წნეხი სასამართლოზე, ოღონდ არა ისეთი აშკარა, როგორც საქართველოში. რაც შეეხება პოლიტიკური ძალების განლაგებას, თურქეთში ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მოახერხა გაერთიანება, რაც საქართველოში ჯერ ვერ მოხერხდა. ჩვენთან არის აროგანტული და უცნაური დამოკიდებულება დიდი პარტიებისა სხვა პარტიების მიმართ. თურქეთის ალიანსში, არის ძლიერი ოპოზიციური პარტია და ასევე ისეთი პარტიები, რომელთაგან ზოგიერთს საერთოდ არ ჰყავთ წამომადგენელი პარლამენტში, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი მათი გაერთიანებისთვის. საზოგადოების სრულიად განსხვავებული ფენების გაერთიანება ყოველთვის დებს შედეგს. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება არჩევნების საბოლოო შედეგი, თუმცა ის, რომ თურქეთის ოპოზიციამ შეძლო გაერთიანება, და ეს ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი, ძალიან ბევრზე მეტყველებს. ამჯერად გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტ ერდოღანს არჩევნებს მარტივად აღარ დაუთმობს, მით უმეტეს, როგორც თურქეთში ინსაიდერები ამბობენ, ჰაერში ცვლილებების სუნი ტრიალებს.

მამუკა გამყრელიძე

"ევროპელი დემოკრატები“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა