„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი პოლონეთის წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის, კასიმირ პულასკის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. „ჯეოქეისის“ ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე „ჯეოქეისის“ მონაწილეობის საკითხზე იმსჯელეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ფონდის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, რომ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ადვოკატირების საკითხი ორგანიზაციის სამუშაო დღის წესრიგში დადგეს.
„ჩვენ ვხედავთ საქართველოს მიმართ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და მადლიერი ვართ ამისათვის. მჯერა, რომ ჩვენს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას,“ - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.