ევროპული ქვეყნები პეკინისგან პასუხებს ითხოვენ მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, ოფიციალური პირები ლიეტუვიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ევროკავშირიდან ჩინეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს „საერთაშორისო სამართალში ეფექტური სტატუსი არ გააჩნიათ“.
ელჩმა ეს განცხადება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, კერძოდ, არის თუ არა ყირიმი უკრაინის ნაწილი.
„ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც კი არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსის განხორციელებისთვის,“ - აღნიშნა ელჩმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჩინელი დიპლომატის კომენტარს მიუღებელი უწოდა.
„ევროკავშირი ვარაუდობს, რომ ეს განცხადებები არ წარმოადგენს ჩინეთის ოფიციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა ბორელმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მოკავშირე ქვეყანას სრული სოლიდარობა გამოუცხადა და ჩინეთს მოუწოდა, განმარტოს, ასახავს თუ არა ეს კომენტარები მის პოზიციას.
„საფრანგეთში ჩინეთის ელჩის კომენტარები სრულიად მიუღებელია. ჩინური მხარისგან ახსნას და ამ განცხადების სრულ უარყოფას ველით“, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა „ტვიტერზე“.
კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმაც. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სტატუსი განმტკიცებულია საერთაშორისო კანონმდებლობით.
„უცნაურია „ყირიმის ისტორიის“ აბსურდული ვერსიის მოსმენა იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომელიც სკრუპულოზურია საკუთარ ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებით“, - დაწერა პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.