ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს.
როგორც ფრაქციის წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას მზად აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ანგარიში, რომელიც UNDP- თან ერთად მომზადდა და მას განათლების სამინისტროს და პარლამენტში შესაბამის კომიტეტს წარუდგენს.
„წლებია განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გვინახავს. გარდა იმისა, რომ კითხვები გვექნება, თუ რას აკეთებენ ამ მიმართულებით, ჩვენ ასევე, წარვუდგენთ და გადავცემთ მას ამ ანგარიშს, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში,“ - განაცხადა წითლიძემ.
მისივე თქმით, პროგრამით შეთავაზებულია სკოლებში ე.წ. ლანჩბოქსების დანერგვა, რაც თითო ბავშვზე სახელმწიფოს 2.5 ლარი დაუჯდება. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ჯამში, პროგრამის განხორციელებისთვის საჭიროა 217 მილიონი ლარი, თუმცა წითლიძე მიუთითებს, რომ შესაძლებელია ის განხორციელდეს ორ ეტაპად და პირველ ეტაპზე დაწყებითი კლასის მოსწავლეები (1-დან მე-6 მდე) მოიცვას, რაც ბიუჯეტს 117 მილიონი ლარი დაუჯდება.
„კვლევების ფონზე, როცა სკოლებში ბავშვების 38 პროცენტი სრულ შიმშილს, ხოლო 77 პროცენტი ნაწილობრივ შიმშილს განიცდის, არ შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ვიდრე არის ბავშვთა უფასო კვება სკოლებში,“ - განაცხადა წითლიძემ.