საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტი ირინა ნიკოლაიშვილი ქიმიის აკადემიური დოქტორის, პროფესორ გიორგი ქვარცხავას და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის რუსუდან ხარგელიას ხელმძღვანელობით, საირმის მინერალური წყლის მიკროელემენტების შესწავლაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თემის - „საირმის მინერალური წყლის მიკროელემენტების განსაზღვრა და ჩამოსხმის ტექნოლოგისა“, კვლევის ობიექტს წარმოადგენს მინერალური წყალი „საირმე“, რომელიც სამკურნალო თვისებებით ხასიათდება და დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
„წყალი ქიმიური შემადგენლობით ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიან-კალიუმიანია და მდიდარია არაერთი მიკროელემენტით, რაც მის უნიკალურობასა და სამკურნალო თვისებებს განაპირობებს. ამ ჯგუფის მიკროელემენტებიდან, საირმის მიწისქვეშა წყალი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მანგანუმს და რკინას, თუმცა ბუტილირებულ წყალში მათი შემცველობა თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი.
კვლევის ძირითადი მიზანია ისეთი ტექნოლოგიური სქემის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მინერალურ წყალში შენარჩუნდეს რკინისა და მანგანუმის ისეთი კონცენტრაციები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო იქნება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტუ-ის აგრარული მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტის ირინა ნიკოლაიშვილის თქმით, კვლევის ფარგლებში დაგეგმილია ნატურალური მინერალური წყლის ჩამოსხმის ტექნოლოგიური სქემის შესწავლა ადგილზე, ჩამომსხმელ საწარმოში. ასევე, კვლევის ობიექტების, კერძოდ, სილამაზის წყაროს, №3 და №8 ჭაბურღილის ადგილმდებარეობის შესწავლა და საკვლევი ნიმუშების აღება. საკვლევ ჭაბურღილებზე საველე პარამეტრების (pH, TDS, სიმღვრივე, რკინა) გაზომვა პორტატული ხელსაწყოების საშუალებით და გამოცდის შედეგების დოკუმენტურად გაფორმება. საკვლევ წყლებში მძიმე მეტალების განსაზღვრის მიზნით, ნიმუშების კონსერვირება წინასწარ დადგენილი წესით. აღებული ნიმუშების ტრანსპორტირება დგ კონსალტინგის საგამოცდო აკრედიტებულ ლაბორატორიაში, წინასწარ დადგენილი წესებით. კვლევის ძირითადი პროცესების, ფილტრაციის მეთოდების და ფილტრების შერჩევა. გაფილტვრის პროცესების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული წესებით, კერძოდ, ფილტრის სახეობის, ფილტრაციის დროის და სიჩქარის გათვალისწინებით. ფილტრაციამდე და ფილტრაციის შემდეგ აღებულ საკვლევ ნიმუშებში შემდეგი ქიმიური მახასიათებლების (pH, TDS, ჰიდროკარბონატი, კალციუმი, მაგნიუმი, ქლორიდი) განსაზღვრა მინერალური წყლის შემადგენლობის სტაბილურობის დადგენის მიზნით. ფილტრაციამდე და ფილტრაციის შემდეგ აღებულ ნიმუშებში რკინისა და მანგანუმის განსაზღვრა. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მინერალური წყლის ჩამოსხმის ტექნოლოგიური სქემის და რეკომენდაციების შემუშავება მიკროელემენტების გარკვეული რაოდენობის შენარჩუნების მიზნით.
„საქართველო მინერალური წყლებით მდიდარია, მათ რიგს მიეკუთვნება მინერალური წყალი საირმეც, რომელზეც არაერთი კვლევა განხორციელებულა და გამოქვეყნებულა. თუმცა, ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ შეუსწავლელი და ასათვისებელია. კვლევის ფარგლებში ჩატარებული ქიმიური გამოცდების საფუძველზე, საინტერესო იქნება საირმის მინერალური წყლის სტაბილურობის შესწავლა და ანალიზი. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება მინერალურ წყალში მძიმე მეტალების შემცველობა. მიკროელემენტების შენარჩუნების მიზნით დადგინდება ფილტრების სახეობები და ფილტრაციის ეტაპები. ყოველივე ეს კი, საინტერესო იქნება ისეთი დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა ჯგუფს მიეკუთვნებიან: მინერალური წყალი საირმის ჩამომსხმელი საწარმო, მინერალური წყლის ჩამომსხმელი სხვადასხვა საწარმოები, წყლის სფეროში მომუშავე კომპანიები და ტექნოლოგები, სტუდენტები და ა.შ.“, - აცხადებს დოქტორანტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, ქიმიის აკადემიური დოქტორის, პროფესორ გიორგი ქვარცხავას განცხადებით, საირმის მინერალური წყლის მიკროელემენტების შესწავლა აქტუალური და საჭირო კვლევაა, როგორც სამედიცინო, ასევე მეცნიერული თვალსაზრისით.
„დღეისათვის რკინა დეფიციტური ანემია საკმაოდ ხშირ პრობლემას წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი პანდემიის შემდგომ. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ექიმები პაციენტებს ურჩევენ მიიღონ რკინა დეფიციტის დროს რკინის შემცველი პრეპარატები და ორგანიზმისთვის აუცილებელი კონცენტრაცია შეინარჩუნონ საპროფილაქტიკო დოზებით. როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმი მისთვის აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს შეითვისებს საკვებიდან და წყლიდან, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკვებ პროდუქტებში შემავალი ელემენტების ათვისებას მრავალი ხელშემშლელი ფაქტორი გააჩნია. თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით, ადამიანის ორგანიზმს მიკროელემენტების მაქსიმალური ოდენობით შეთვისება მხოლოდ წყლიდან შეუძლია. მიკროელემენტებით მდიდარია დაუმუშავებელი მინერალური წყალი საირმე, რომელიც რკინისა და მანგანუმის შემცველობით გამოირჩევა. ლიტერატურულ მონაცემებზე დაყრდნობით, ზოგიერთი ქვეყნები, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ხელოვნურად ამდიდრებენ სასმელ წყალს რკინითა და მანგანუმით, რადგან ეს მიკროელემენტები ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. კერძოდ, რკინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტიტებაში და ციტოქრომის, მჟავე ფოსფატის, რედოქსფერმენტების მოქმედებაში, ასევე მნიშვნელოვანია მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება. მანგანუმი მონაწილეობს არაერთ სინთეზში და ნერვული სისტემის ნეირომედიატორების მიმოცვლაში, უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ცხიმების უტილიზაციის ინტენსივობას. ყოველივე აქედან გამომდინარე, თანამედროვე მიდგომებით, საირმის მინერალური წყლის ტექნოლოგიის შემუშავება გარკვეული მიკროელემენტების შენარჩუნების მიზნით, მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჯანსაღი კვების აქტუალურობის ასპექტში“, - განაცხადა გიორგი ქვარცხავამ.