აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ სრულფასოვნად იცხოვრონ? იმიტომ, რომ 12-16 ბავშვს „ქართული ოცნება“ საარჩევნო ქულებად ვერ ახურდავებს? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სოფო ჯაფარიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა.
მისივე თქმით, თითო ბავშვის წლიური დაფინანსება, დაახლოებით, 200 000 დოლარი ჯდება, რაც არაფერს წარმოადგენს მაშინ, როდესაც მილიონობით დოლარი „სრულიად არამიზნობრივად იხარჯება“.
როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მშობლებს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა აქვთ, ისინი პრემიერთან შეხვედრასა და მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას ითხოვენ.
„ბავშვებს მედიკამენტი სასიცოცხლოდ სჭირდებათ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა აქტიურად მუშაობს და ავრცელებენ აზრს, რომ მშობლები მედიკამენტს მხოლოდ ბავშვების სიმაღლეში გაზრდისთვის ითხოვენ. ამ დაავადებას პოლიორგანული უკმარისობა ახლავს, რაც მათ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხელს უშლის. ეს ბავშვები გაუსაძლისი ტკივილებით ცხოვრობენ, სუნთქვის სერიოზული გართულებები აქვთ. მე მერიდება მთავრობის მაგივრად, რადგან დღეს როგორც დედა, ისე ვსაუბრობ. არ ვიცით, ხვალ მათ რიგებში ვინ აღმოვჩნდებით. რაზე ახვეწნინებენ მშობლებს, რომ ქვეყანაში მათ შვილებს ცხოვრებისა და ჯანმრთელობის უფლება ჰქონდეთ?
თითო ბავშვის წლიური დაფინანსება დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება. ეს თანხა არაფერს წარმოადგენს, როდესაც მილიონობით დოლარი სრულიად არამიზნობრივად იხარჯება. ეს ბავშვები გონებრივად ძალიან განვითარებულები არიან და რატომ არ უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ სრულფასოვნად იცხოვრონ? იმიტომ, რომ 12 და 16 ბავშვს „ქართული ოცნება“ საარჩევნო ქულებად ვერ ახურდავებს? კამპანიაში ექიმებიც ჩართეს და ამბობენ, რომ გვერდითი მოვლენების რისკის გამო, ეს პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ. რომელ მედიკამენტს არ აქვს გვერდითი ეფექტი? სანამ ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ბენეფიციარს ინდივიდუალურად არ მოერგება, იქამდე ქვეყანა წინ ვერ წავა.
დღეს ჩვენი მოთხოვნა ძალიან კონკრეტულია. მშობლები პრემიერთან შეხვედრას და დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას ითხოვენ. პრემიერმა ის სასწრაფოდ უნდა მიიღოს, რადგან რამდენიმე ბავშვს ზრდის პერიოდი ეხურება და 15 წლის შემდეგ მიიღებენ თუ არა მედიკამენტს, მნიშვნელობა აღარ ექნება“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.