მე ვიყავი მოწმე [გონების დაკარგვის] - თვალები რომ გაახილა, არაფერი ახსოვდა, ვერაფერს აცნობიერებდა. გუშინ დილათაც, ადამიანს სიტყვები ავიწყდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა გონება ორჯერ დაკარგა და პირველი ეპიზოდის დროს „დიდხანს იყო გათიშული“.
„გუშინწინ მე ვიყავი მოწმე [გონების დაკარგვის]. არ ვიცი, კლინიკა „ვივამედი“ ვისი სახელით ლაპარაკობს, რადგან მე ნამდვილად იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე. ორჯერ მოხდა. პირველად უფრო ხანგრძლივი იყო. პატარა ინტერვალი იყო პირველ და მეორე ეპიზოდს შორის. ექიმმა წამოსვა. აბაზანაში მიდიოდა ჩემი შვილი, მეც გავყევი, დაიკლაკნა და ჩავარდა. დიდხანს იყო გათიშული. თვალები დახუჭული ჰქონდა, სახე გაშავებული. არ ვიცი, საიდან მოიგონეს, ჩაიმუხლაო. რა, ცეკვა-თამაშით მიდიოდა? ყველანაირი ზომა მიიღეს, მაშინვე აუღეს ანალიზები, გადასხმაც გაუკეთეს. როგორც ჩანს, წნევა იყო ძალიან დავარდნილი იმ მომენტში. მერე ნელ-ნელა აიწია. თვალები რომ გაახილა, არაფერი ახსოვდა, ვერაფერს აცნობიერებდა. გუშინ დილათაც ადამიანს სიტყვები ავიწყდებოდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსგან „ეს ყველაფერი არ ეკუთვნის“.
„არ ვარ კმაყოფილი ყველაფერი იმით, რაც ამ ქვეყანაში დაემართა ჩემ შვილს, რადგან ამ ქვეყნისგან ჩემს შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა“, - განაცხადა ალასანიამ.