პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენ ევროპულ გზაზე უკრაინას და მოლდოვას უკვე ჩამოვრჩებით, შესაძლოა, ასეთი ჩამორჩენა ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, გასული კვირა მმართველმა გუნდმა პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში გაატარა სოლიდარობა გამოუცხადა რა აშშ- მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები ცნობილია, მაგრამ ახლა საინტერესოა ამ სამუშაო კვირას როგორ განვითარდება პროცესები?

- აშკარაა, რომ უცნაური რამ მოხდა, უმრავლესობას, რომელსაც შეუძლია ბიუჯეტი დაამტკიცოს, დაამტკიცოს მთავრობა, კანონები მიიღოს, ფლობს გავლენებს პროკურატურაზე, სასამართლოზე, უცებ ბოიკოტს უცხადებს თავის თავს და სახელმწიფოს.

ეს ნამდვილად უცნაურია, რადგან, ჩვენ დიდი ხანია ოპოზიციას იმას ვსაყვედურობდით, რომ არ შედიოდა პარლამენტში, შემდეგ ბოიკოტს უცხადებდა საპარლამენტო საქმიანობას, ახლა კი პირიქითაა. თვალშისაცემია, რომ მმართველი გუნდი პატივს არ სცემს კონსტიტუციასა და კანონს.

კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას არ სჭირდება უმრავლესობის ხმები. ასეთი კომისიის შექმნას სჭირდება 50 ოპოზიციონერის მხარდაჭერა. ეს გახლავთ უნიკალური დემოკრატიული მონაპოვარი. ამით ვამაყობდით, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფიქცია და მეტი არაფერი.

კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას არ სჭირდება უმრავლესობის ხმები. ასეთი კომისიის შექმნას სჭირდება 50 ოპოზიციონერის მხარდაჭერა. ეს გახლავთ უნიკალური დემოკრატიული მონაპოვარი. ამით ვამაყობდით, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფიქცია და მეტი არაფერი

ამგვარი მოქმედებით უმრავლესობამ სახელი გაიტეხა და მისთვის დემოკრატია და სახელმწიფოს მართვა არ არის პრინციპული. მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია როგორმე შეინარჩუნოს კლანური მმართველობა სასამართლოში და არა მარტო სასამართლოში. როგორც ჩანს, უკვე მთელ სახელმწიფოში. მხოლოდ სასამართლოს პრობლემა არ ყოფილა კლანური მმართველობა. კლანური მმართველობა ყოფილა „ქართული ოცნების“ პრობლემა, რადგან, თურმე ისინი ქმნიან და ხელს უწყობენ კლანური მმართველობის შექმნას.

ვინაიდან კლანური მმართველობის შენარჩუნება „ქართული ოცნების“ მიზანია, როგორც ჩანს, ისინი არ დაუშვებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას და დაელოდებიან ისეთ მომენტს, როცა ოპოზიციის რიგებში არ იქნება ერთობა, ან ვიღაც არ იქნება სხდომაზე და მაშინ დააყენებენ სხდომაზე კომისიის შექმნის საკითხს და ჩააგდებენ მის მიღებას.

მერე კი იტყვიან - ჩვენ დავაყენეთ კომისიის შექმნის საკითხი, მაგრამ ხალხი არ იყო საკმარისი და ამით შეეცდებიან ამ თემის დახურვას. ვისაც თავი აქვს მხრებზე და უნარი იფიქროს, ყველა მიხვდება, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ანგრევს და ახდენს სახელმწიფოს იდეის დისკრედიტაციას. ვფიქრობ, რომ მმართველო გუნდის ამგვარი მიდგომა, არჩევნების შედეგებზე უნდა აისახოს.

ვისაც თავი აქვს მხრებზე და უნარი იფიქროს, ყველა მიხვდება, რომ ქართული ოცნება სახელმწიფოს ანგრევს და ახდენს სახელმწიფოს იდეის დისკრედიტაციას. ვფიქრობ, რომ მმართველო გუნდის ამგვარი მიდგომა, არჩევნების შედეგებზე უნდა აისახოს

-ქართული ოცნება პარლამენტში ოპოზიციას ემალება და გვირგვლიანის საქმის მოსამართლეებს იცავს. მოვლენათა ასეთი განვითარება ძნელი წარმოსადგენი იყო. თუმცა, ბოლო წლებში მოვლენათა განვითარების დინამიკას აშკარად აქეთკენ მივყავდით.

აშშ- მიერ დასანქცირებული მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის გამოხატვით ერთი მხრივ რა უთხრა ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას და მეორე მხრივ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს?

- ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ პროტესტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია უფრო შორსმიმავალი გეგმებისკენ, ვიდრე უბრალოდ მოსამართლეების დაცვისკენ. მმართველი გუნდის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მეც და სხვებიც თავიდანვე ვამბობდით, რომ ევროკავშირმა რომ წარმოგვიდგინა შესასრულებლად 12 პუნქტი, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს ხელისუფლების სტრატეგიაა. ამის ნათელი მცდელობა იყო „რუსული კანონის“ ჯერ მიღება და შემდეგ „ჩაგდება“. მაგრამ, ქართველმა ხალხმა დაიცვა თავისი ევროპული მისწრაფების სურვილი.

ქართული ოცნებისპროტესტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია უფრო შორსმიმავალი გეგმებისკენ, ვიდრე უბრალოდ მოსამართლეების დაცვისკენ. მმართველი გუნდის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ის რომ ახლა მმართველი გუნდი ბოიკოტით ბლოკავს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც შესაძლოა დაადგინოს მართალია თუ არა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, როცა მოსამართლეები დაასანქცირა, ამის გაკეთება არ უნდა. კი ამბობენ, რომ ხელისუფლებას მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებები სჭირდება, მაგრამ, საგამოძიებო კომისიას შეუძლია ამგვარი მასალების დადება. ამიტომაა უცნაური, რომ უმრავლესობა კომისის შექმნას ეწინააღმდეგება.

ასეთ ფონზე ევროპას სრული უფლება ეძლევა თქვას, - უკაცრავად, სახელმწიფო არ არსებობს და ვის ვაძლევთ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? ამ ხალხს არ უნდა დემოკრატია, არ უნდათ გამოიძიონ თავიანთი სასამართლოს ამბები. ამიტომ ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმა, სერიოზული დარტყმა იქნება ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღებაზე.

- განცხადებების დონეზე მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საქართველო წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ პარალელურად ვხედავთ, რომ ეს პროცესები ვითარდება მმართველი გუნდის მხრიდან აშკარად ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე.

მმართველი გუნდის ანტიდასავლურმა და ანტიამერიკულმა რიტორიკამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ბევრი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანას შეცვლილი აქვს საგარეო პოლიტიკური კურსი.

ვიცით, რომ პრემიერი ბრიუსელში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შესახვედრად გაემგზავრა, მაგრამ თქვენ თუ ხედავთ ნიშნებს იმისა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვლილია?

- კი, მე მგონია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვლილია. ეს ჩემთვის ცხადი მაშინ გახდა, როცა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოვიდა. ჯერ შეთანხმებას ხელი მოაწერა, მაგრამ შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად ამ შეთანხმებიდან გამოვიდა. იქიდან მოყოლებული ჩანდა, რომ „ქართული ოცნება“ მკაფიოდ და ცალსახად უარს ამბობდა ქვეყნის დასავლურ კურსზე.

არსებობს ასეთი ცნება, როგორიც არის კორუფცია ფეხბურთში. საუბარია იმაზე, რომ მოთამაშეები ვითომ თამაშობენ ფეხბურთს, მაგრამ სინამდვილეში არ თამაშობენ, მათ არ უნდა გაიტანონ გოლი რადგან თამაში გაყიდულია.

დაახლოებით ასეთ ვითარებასთან გვაქვს ჩვენ საქმეს. „ქართული ოცნება“ თამაშობს, რომ ვითომ უნდა რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ნატოში და ევროკავშირში, მაგრამ, რეალურად, ამ განცხადებების ფონზე „გოლი არ გააქვს“, იმიტომ თამაშობს ამ რიტორიკით და რეალურადაც არც არაფერს არ აკეთებს.

ქვეყნის საგარეო კურსი შეცვლილია. ეს ჩემთვის ცხადი მაშინ გახდა, როცა ქართული ოცნება შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოვიდა. ჯერ შეთანხმებას ხელი მოაწერა, მაგრამ შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად ამ შეთანხმებიდან გამოვიდა. იქიდან მოყოლებული ჩანდა, რომ ქართული ოცნება მკაფიოდ და ცალსახად უარს ამბობდა ქვეყნის დასავლურ კურსზე

ხელისუფლების ამგვარი მოქმედება თვალშისაცემი ფარისევლობაა. ასეთი რამ ხდება არა მარტო სპორტში, არამედ პოლიტიკაშიც. ეს რომ ასე ისიც მიანიშნებს, რომ მათი განცხადებები არ შეესაბამება იმ მიზნებს, რომლებზეც ამ განცხადებებშია საუბარი. ფაქტი ისაა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამსახურებულად მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ეს კი ჩვენ უკვე ძალიან გვაზარალებს, რადგან უკვე ჩამოვრჩებით უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენ ახლა ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, რადგან მათ უკვე აქვთ მიღებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მაგრამ, თუ ჩვენ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, უკრაინა და მოლდოვა დაიწყებენ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკრაინას და მოლდოვას ორი ნაბიჯით ჩამოვრჩებით. ასეთი ჩამორჩენა შესაძლოა ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს.

თუ ჩვენ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, უკრაინა და მოლდოვა დაიწყებენ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ევროპულ გზაზე უკრაინას და მოლდოვას, ორი ნაბიჯით ჩამოვრჩებით. ასეთი ჩამორჩენა შესაძლოა ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს

- გასულ კვირას ქართული ოცნების შექმნიდან 11 წელი შესრულდა. ამ თემაზე პრემიერმა განცხადება გაავრცელა რომელშიც საუბარია იმაზე, რომ გასული 11 წელი ქვეყნისთვის, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების წლები იყო.

მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო რუსული კანონი, ცხადად გამოჩნდა, ხელისუფლება ამ კანონის მიღების გარეშეც წარმატებით აკერებს ოპონენტებს აგენტის სტატუსს.

რჩება შთაბეჭდილება რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება რაღაც პროცესისთვის მოამზადოს. სავარაუდოდ, ხელისუფლება საზოგადოებას რა პროცესებისთვის მომზადებას ცდილობს?

- ხელისუფლების 11 წლიანი საქმიანობის მთავარი შედეგი გახლავთ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად გადმოიბარა ყველა ის მანკიერი თვისებები, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა და თავად გახდა „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ ჰქვია.

„ქართულმა ოცნებამ“ კლანური სასამართლოს გამყარებით დაადასტურა, რომ მისთვის მურუსიძის სასამართლო არის მნიშვნელოვანი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს ჩამოყალიბდა.

სასამართლოში კოალიცია „ქართულ;ი ოცნების“ დროს ჩატარდა რეფორმები, მაგრამ, ეს პროცესი შემდეგ გაჩერდა. ადგილობრივ თვითმმართველობებში იგივე სიტუაციაა, რაც „ნაცმოძრაობის“ დროს იყო. აბსოლუტურად გაყინულია კონფლიქტების თემები. აქცენტები რუსეთზეა გადატანილი და ხელისუფლება გამორიცხავს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან საუბარს. „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას. ელიტური კორუფციაც დაიტოვეს. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ციხეებში პატიმრებს არ აწამებენ.

უკრაინაში რუსეთის მარცხის შემთხვევაში საქართველო შესაძლოა რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდეს. რადგან ქართული ოცნებისთვის მთავარი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნებაა, ქართული ოცნებისთვის ახლა მთავარია კარგი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთის ხელისუფლებასთან

ასეთ ფონზე ხელისუფლებს მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება. ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ორიენტირებულია იმაზე, რომ 2024 წლისთვის მოიგონ არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი ფონზე სუსტდება რუსეთი მათი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება.

ჩვენთვის ყველაზე ცუდი შესაძლოა ის აღმოჩნდეს, რომ უკრაინაში რუსეთის მარცხის შემთხვევაში საქართველო შესაძლოა რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდეს. რადგან „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნებაა, „ქართული ოცნებისთვის“ ახლა მთავარია კარგი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთის ხელისუფლებასთან.

- ამის ნაწილი ხომ არ შეიძლება იყოს ის, რომ გამოკვეთილი ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული ქართული ოცნების მხარდამჭერი ადამიანების აქციაა დაგეგმილი 30 აპრილს...

- ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტაციას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად თქვა - შანსი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 50%-ია. თუ ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ხელისუფლება მომხდარს ევროკავშირს და ოპოზიციას დააბრალებს.

დაახლოებით ვიცით რასაც იტყვიან - საქართველო ღირსია მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ოპოზიციის და ევროკავშირის გამო სტატუსს არ გვაძლევენ. იქნება დაახლოებით ისეთი რიტორიკა, რაც ევროპისა და ამერიკის მიმართ გვესმის.

ჩემი აზრით, ანტიდასავლური რიტორიკით გაჯერებული აქციებით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ჩამოუყალიბებელი ნაწილი დააჯეროს, რომ მათ ბევრი მხარდამჭერები ჰყავთ. თუ 7-8 მარტს ბევრი ხალხი გამოვიდა და მოითხოვენ „რუსული კანონის“ ჩაგდება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენი მომხრეებიც რაოდენობრივად არა ნაკლები ვართ. ამიტომ დაიწყება ამ ხალხის კონსოლიდაცია მობილიზაცია და აქციაზე რეგიონებიდან ჩამოყვანა.

ანტიდასავლური რიტორიკით გაჯერებული აქციებით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ჩამოუყალიბებელი ნაწილი დააჯეროს, რომ მათ ბევრი მხარდამჭერები ჰყავთ

ასეთი აქციების მიზანია საზოგადოებას დაანახონ, რომ „ქართული ოცნებისა“ და დასავლეთის მოწინააღმდეგე ხალხი საკმაოდ ბევრნი არიან. აშკარაა, რომ ხელისუფლების საქმიანობა ანტიდასავლურად განწყობილი და ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ფსიქოლოგიურ შტურმსა და მობილიზაცია-კონსოლიდაციაზეა გადასული.

- სახელისუფლებო გუნდი აღფრთოვანებას არ მალავს იმის გამო თუ რა ხდება ნაცმოძრაობაში. მეტიც, ვხედავთ, რომ ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული სააკაშვილის ხაბეიშვილის ჩანაცვლების პროცესში, რომლის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოიაზრებიან.

უფრო სწორად, სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილის ნაცმოძრაობა, რომლის უკან კეზერაშვილ-მერაბიშვილი მოიაზრებიან მათთვის არჩევნებზე მისაღები სპარინგ-პარტნიორია, რომლის დამარცხება მას არ გაუჭირდება...

- დიახ, ასეა. ამას დაემთხვა „ნაცმოძრაობაში“ ახლა მიმდინარე პროცესი. მე „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მკაფიო და ცხადი.

ის, რაც ახლა „ნაცმოძრაობაში“ ხდება თავად ამ პარტიას აზიანებს. ბი-ბი-სის ფილმმა კეზერაშვილზე საგრძნობლად დააზიანა ოპოზიციის ფლანგი. „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს არა მარტო „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, არამედ მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ.

ხელისუფლება ოპოზიციას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აბრალებს აბსურდულ ბრალდებებს მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, ასევე იმას, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი ვერ მიიღო.

როგორც გითხარით, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და თუ იყოფიან, დროზე გაიყონ და შექმნან ახალი რეალობა. შესაძლოა ორად გაყოფილმა „ნაცმოძრაობამ“ იმდენი ხმები ვერ მიიღოს, მაგრამ არაა გამორიცხული მათ ცალ-ცალკე გადალახონ 5% -იანი ბარიერი.

ვფიქრობ, რომ ნაცმოძრაობამ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და თუ იყოფიან, დროზე გაიყონ და შექმნან ახალი რეალობა. შესაძლოა ორად გაყოფილმა ნაცმოძრაობამ იმდენი ხმები ვერ მიიღოს, მაგრამ არაა გამორიცხული მათ ცალ-ცალკე გადალახონ 5% -იანი ბარიერი

ვიმეორებ, თუ „ნაცმოძრაობაში“ გრძნობენ, რომ გაყოფა გარდაუვალია, ჯობია თამამად გაიყვნენ დღეს, რადგან არჩევნების მოახლოების კვალობაზე შემდეგ გაყოფა მათთვის საკმაოდ დამაზიანებელი იქნება.

- ქოლცენტრებთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი სიტუაცია ჩამოყალიბდა. ყველა თანხმდება, რომ იმ ტიპის ქოლცენტრების საქმიანობა, რაზეც ბი-ბი-სის ფილმშია საუბარი, ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია.

საქმეში ჩახედული ხალხის აზრითაც სხვადასხვა ფორმით ხელისუფლებასთან დაახლოებული ხალხის მონაწილეობის გარეშე ასეთი ქოლცენტრების საქმიანობა შეუძლებელი იქნებოდა.

თუ, საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ, სავარაუდოდ, ეს რისი ნიშანი იქნება?

- მე ამ სფეროს სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ, მეც მგონია, რომ ასეთი მასშტაბის აფიორა იატაკქვეშეთში ვერ განხორციელებოდა. დარწმუნებული ვარ, მას ხელისუფლებიდან ექნებოდა გარკვეული მხარდაჭერა.

ამიტომაა საჭორო ამ თემაზე სერიოზული გამოძიების ჩატარება. ფაქტია, რომ ევროპელი პენსიონერები გაიძარცვა, გარკვეული მასალები არსებობს, მათ შორის კეზერაშვილის წინააღმდეგ და საჭიროა გამოძიების ჩატარება.

- კეზერაშვილის წინააღმდეგ ბი-ბი-სის მასალაში გარკვეული მასალები კია, მაგრამ იმავე მასალაში საუბარია იმაზე, რომ პირდაპირი მტკიცებულებები კეზერაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს.

თუ ხელისუფლების ინტერესებშია კეზერაშვილის გაშავება, თავად ხელისუფლება რატომ არა დაინტერესებული ამ თემაზე დაიწყოს გამოძიება?

- მე მგონი აქ იურისდიქციის საკითხია. დანაშაული არ ჩადენილა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ თემაზე უფრო უკეთ იურისტები გასცემდნენ პასუხს. როგორც ჩანს, საქართველოს პროკურატურას უფლება არ აქვს გამოიძიოს საქმე, რომელიც მისი მოქალაქეების წინააღმდეგ არ ჩადენილა. არც ერთ დაზარალებულს მათთვის საჩივრით არ მიუმართავს.

ბი-ბი-სის მასალაში ჩანს, რომ გერმანელი პროკურორი ამბობს, რომ გერმანიის პროკურატურა განიხილავს დაზარალებული გერმანელი პენსიონერების საქმეებს. გაუგებარია, ამას რატომ არ აკეთებენ ბრიტანელები, ან ესპანელები. ამ სახელმწიფოებმა უნდა დაიწყონ ამ საქმის გამოძიება და საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ამ ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან.

აშკარად ჩანს, რომ რაღაც მთლად კარგად არაა. უფრო სწორად, შესაძლოა ურჩევნიათ, რომ ამ თემაზე გამოძიება საერთოდ არ ჩატარდეს

კარგია, რომ ფილმში ასეთი თანამშრომლობის კარგ მაგალითზეა საუბარი. მხედველობაში მაქვს ის, რომ გერმანიიდან ჩამოსულ გამომძიებლებს ჩვენი პროკურატურა ეხმარება. დაახლოებით ამ ტიპის თანამშრომლობა უნდა იყოს ჩვენი პროკურატურის ევროპელ კოლეგებთან.

- მესმის რასაც ბრძანებთ, მაგრამ ამ თემაზე თუნდაც განცხადება რომ გაეკეთებინა ჩვენს პროკურატურას დასავლელ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის შესახებ, ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა...

- გეთანხმებით, ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. აშკარად ჩანს, რომ რაღაც მთლად კარგად არაა. უფრო სწორად, შესაძლოა ურჩევნიათ, რომ ამ თემაზე გამოძიება საერთოდ არ ჩატარდეს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა