როდესაც ვამბობთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, სრულ დაბოლოებას ვგულისხმობთ როგორც გამწვანების, ისე ქუჩის განათების ჩათვლით. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პროცესი, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მან წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა.
„მინდა წერეთლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მიმდინარე სამუშაოების ფონზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო. სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. ვიცით, რომ ღამით ხმაურია, ზოგიერთ კომპანიას მუშაობა ღამით უწევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს.
ნათქვამი გვაქვს, რომ იანვარში წერეთლის გამზირის სამუშაოები მთლიანად დასრულდება. როდესაც იანვარს ვამბობთ, აქ სამუშაოების სრულ დაბოლოებას ვგულისხმობთ როგორც გამწვანების, ისე გარე განათებების ჩათვლით. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პროცესი, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე დასრულდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ოპონენტების კომენტარებს იმის შესახებ, რომ ხალხის ნაკლები რაოდენობის გამო, უმჯობესი იქნებოდა სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, კალაძის თქმით, ეს პოლიტიკური სპეკულაციაა.
როგორც მან აღნიშნა, „ოპოზიციონერები ისე არიან დაბოღმილები, არ იციან რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი კეთდება“.
„ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ სამუშაოები ამ დროის ნაცვლად, ზაფხულში უნდა დაგვეწყო, რადგან ქალაქში ნაკლები ხალხი იქნებოდა. ვთქვათ, ასე რომ მოვქცეულიყავით, სამუშაოები თებერვალსა და მარტშიც გადაიწევდა. მაშინ რას ვეტყოდით მოსახლეობას?
ისე არიან დაბოღმილები, არ იციან რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი კეთდება. როგორ არ უნდა გესიამოვნოს ადამიანს ის, რომ ქალაქში ამ მასშტაბის პროექტი მიმდინარეობს?
მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, ქუჩის ახალი დიზაინი გვექნება, როგორც ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის შემთხვევაში. ჩვენს ქალაქს სიახლეები სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.