ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი უკრაინაში ჩავიდა.
ის ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე შეხვდა. ზელენსკიმ კაია კალასთან სამხედრო დახმარება, უკრაინის აღდგენა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის ოფიციალური მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განიხილა.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ესტონეთს მადლობა გადაუხადა მის ხელთ არსებული 122 და 155 მილიმეტრიანი ყველა ჰაუბიცის გადაცემისთვის და ასევე უკრაინელი სამხედროების მკურნალობისთვის.
„ჩვენი მოლაპარაკებები, როგორც ყოველთვის, არსებითია. ჩვენ მოვასწარით განგვეხილა საკითხების მთელი სპექტრი, რომლებსაც მნიშვნელობა სწორედ ახლა აქვთ, პირველ რიგში ჩვენი შესაძლებლობები მოწინავე პოზიციებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ახლა ყველა პარტნიორი მაქსიმალურად სწრაფი უნდა იყოს უკრაინისთვის დახმარების გაწევაში, განსაკუთრებით კი მისთვის იარაღის მიწოდების ნაწილში.
ამასთან, კაია კალასის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მათ ასევე განიხილეს უკრაინის სვლა ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობისკენ.
მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სწრაფვას. მისივე თქმით, უკრაინა სერიოზულად უდგება რეკომენდაციებს, რომლებიც მას როგორც კანდიდარის სტატუსის მქონე ქვეყანას მიეცა.