საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
„კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფას, რომლითაც შეიქმნება ევროპული კანონმდებლობის შესაბამისი, წყლის რესურსების მართვის ძირითადი საკანონმდებლო საფუძვლები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისი განმარტებით, ახალი კანონით განისაზღვრება წყლის რესურსების მართვის პრინციპი, სისტემა, სტანდარტები, რის საფუძველზეც შემდგომ მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება და წყლის რესურსების მართვის სრული სამართლებრივი ბაზის შექმნა. კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება წყლის რესურსების მართვის ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული, „წყლის ჩარჩო დირექტივის“ და წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი სხვა ევროდირექტივების შესაბამისი თანამედროვე სისტემა. შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ინსტიტუციური საფუძვლები და დაინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემა - მდინარეთა სააუზო მართვა.
კომიტეტის სხდომაზე ნინო თანდილაშვილმა ასევე წარადგინა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან ერთად.
აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობით მომზადდა, ჩაანაცვლებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თაობაზე აქამდე არსებულ კანონს. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტით ნათლადაა გაწერილი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში სახელმწიფო უწყებების ზოგადი კომპეტენცია, რაც მარეგულირებელი სისტემის ეფექტიანობასა და ქმედით ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გვექნება ახალი კანონპროექტი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
„ასევე სრულდება ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება, რომ მოვახდინოთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამართლებრივ რეჟიმთან ჰარმონიზება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
სხდომაზე წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილეს „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონში ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი, რაც უფლებამოსილ ორგანოებს (ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოებს) შესაძლებლობას მისცემს მერქნიანი მცენარეები განკარგონ ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი და სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე. კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.