ამ ეტაპზე, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდთან დაკავშირებით, გაბურღულია 4 ბურჯი, მიმდინარეობს სამუშაოები. ახლო პერიოდში უკვე დაგეგმილია ხიდის მე-8 ბურჯის ბურღვის სამუშაოები, იმ ბურჯის, რომელმაც გამოიწვია მალის ნაშენის ჩამოშლა. სწორედ მისი გაბურღვა და სხვა კვლევითი სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა გვქონდეს ობიექტური სურათი, დავადგინოთ მიზეზი და მივიღოთ შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, კვლევები და კვლევების შედეგად დადგენილი მიზეზები მისცემთ სრულ სურათს მომხდარის შესაბამისი სამართლებრივი შეფასებისთვის.
,,მაქსიმალურად სწრაფად კეთდება ყველაფერი, მაგრამ მდინარის წყალუხვობიდან გამომდინარე, არის გარკვეული შეზღუდვები დროსთან დაკავშირებით. თუმცა, საექსპერტო ორგანიზაცია მაქსიმალურს აკეთებს პროცესის დროულად დასასრულებლად“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.