„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კერძოდ, კითხვაზე, „ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის თუ არასწორი მიმართულებით?“, რესპოდენტთა 62%-მა განაცხადა, რომ არასწორი მიმართულებით, 30%-მა განაცხადა, რომ სწორი მიმართულებით, 7%-მა კი არ იცოდა პასუხი, ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.
ამასთან, IRI-ის თანახმად, შეკითხვაზე, „რა არის დღეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?“ გამოკითხულთა 36%-მა უმუშევრობა დაასახელა, 19%-მა - ცხოვრების ხარჯები და მაღალი ფასები, 6%-მა - სიღარიბე, 5%-მა - შიდა კონფლიქტები, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების ჩათვლით, 5%-მა -პოლიტიკური პოლარიზაცია, 4%-მა -გარე კონფლიქტებო/ომი, 3%-მა - განათლება, 2-2%-მა -დანაშაული / საზოგადოებრივი უსაფრთხოება და დაუცველობა.
ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.