2023 წლის მარტის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 451.4 მლნ ლარით, ანუ 0.67 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.45 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის მარტის ბოლოს 67.3 მლრდ ლარი შეადგინა.
„საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.0 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში. სტატისტიკურ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს "პეისერა ბანკი საქართველოს“ მონაცემები, რადგანაც ციფრული ბანკი ოპერირებს სატესტო რეჟიმში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.