გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის პირველი კურსის სტუდენტი, ანი არსენაძე, რომელმაც წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპები, ლონდონის სტარტაპკომპანია Pensight-ში სტაჟირებას გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრიტანული კომპანია 2021 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია.
„Pensight-ი დაკავებულია დამოუკიდებელი ონლაინ შემოქმედებით და ხელს უწყობს იუთუბერებს, პოდკასტერებს, მასწავლებლებსა და ქოუჩებს, რომ განავითარონ ურთიერთობები მიმდევრებთან და საზოგადოებასთან. მათ ახლახან გაუშვეს თავიანთი პლატფორმის ადრეული ვერსია და შეძლეს 3 მილიონი დოლარის მოზიდვა.
წარმატებული კომპანია ინვესტირებას განახორციელებს სტაჟიორის სწავლებაში და ანი არსენაძეს მისცემს შესაძლებლობას, ნახოს, თუ როგორ მუშაობს მაღალტექნოლოგიური კომპანია შიგნიდან და გააცნობს შესაძლებლობების სპექტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ინდუსტრიაში. აღნიშნული საშუალებას მისცემს გრუნის სტუდენტს მიიღოს გამოცდილება მარკეტინგის სფეროში და განივითაროს პროფესიული და საქმიანი უნარ-ჩვევები.
ანის შესაძლებლობა ჰქონდა უნივერსიტეტში პირადად შეხვედროდა Pensight-ის ზრდისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს, თენგო მესხს, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში და ესაუბრათ მომავალი საქმიანობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია, რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი თენგიზ თაქთაქიშვილი.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს ანის ამ დიდ წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.