საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს, მიჰაი ვარგას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარების, მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ მიაწოდა.
„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. კერძოდ, საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაზრდასა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ.
შეხვედრას უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ტიბორ ტოტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი დაესწრნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.