ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დამსახურებული უნივერსიტეტელების, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების: ოთარ ჯაფარიძის, ზურაბ კიკნაძის, ოთარ ბაქანიძის, გოჩა ჯაფარიძისა და ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის პირადი კოლექციები გადაეცა. უნიკალური კოლექცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დარგობრივ მრავალფეროვნებას. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა იმ ღვაწლზე, რომელიც საზოგადო მოღვაწეების სახელს უკავშირდება, ასევე, ხაზი გაუსვა წიგნადი ფონდის მნიშვნელობასა და ღირებულებას. საკოლექციო წიგნადი ფონდი არის როგორც ქართულ ისე უცხოურ ენებზე და მისი დიდი ნაწილი სამეცნიერო-საგანმანათლებლო, მხატვრულ ლიტერატურას ეთმობა. გარდა ამისა, კოლექციაში შედის ღირებული და დიდი მემკვიდრეობის მქონე არქივები, რომლის სპეციალურ დამუშავებასაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
ღონისძიების ბოლოს, საზეიმო ვითარებაში გაფორმდა შემოწირვის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა და კოლექციათა შემომწირველებმა.