კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხოელი მეცნიერის სოჰეილ ნოხტარის კვლევითი ვიზიტი შედგა.
როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოჰეილ ნოხტარი არის ეპილეფსიის ცენტრის ხელმძღვანელი, მიუნხენის ლუდვიგს-მაქსიმილიანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ნევროლოგიის პროფესორი. მისი h ინდექსი Scopus-ის მიხედვით არის 43, ხოლო ციტირებების ჯამი 7000-ს აღემატება.
„უცხოელი მეცნიერი ჩართულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების 2022 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში: „ საქართველოში ეპილეფსიის ტვირთის სიმძიმის შეფასება ამბულატორიულ პაციენტებში დაავადების მიზეზით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე“.
პროექტის ხელმძღვანელია სოფიო კასრაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი, ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი სოფიო კასრაძე, რექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებში, ვახტანგ წივწივაძე, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შორენა ქურდაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მაგდა თორთლაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ნანა ჯანაშია და მედიცინის ერთსაფეხურიანი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ხაჭიპერაძე.
შეხვედრაზე კვლევითი პროექტის მიმდინარეობასა და სამომავლოდ უფრო ინტენსიური ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი კვლევების განხორციელებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „EEG-გამოკვლევის მნიშვნელობა ეპილეფსიაში“.
ლექციაზე, პროფესორმა ისაუბრა ელექტროენცეფალოგრაფიის მნიშვნელობაზე ნევროლოგიურ პრაქტიკაში და ელექტროენცეფალოგრაფიის მნიშვნელობაზე ნევროლოგიაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.