უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ახალი სამოქმედო გეგმა მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის მაგიდაზე იქნება.
მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ სანქციების პირველი გეგმა 70%-ზე მეტით შესრულდა.
“ასე რომ, ახლა ჩვენ წარმოვადგინეთ ის სფეროები, რომლებშიც სანქციების ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს და გზები, რათა უზრუნველვყოთ მსოფლიოში უფრო მეტი სტაბილურობა, გლობალური ურთიერთობებიდან ყველა დესტრუქციული რუსი აქტორის, ყველა მათგანის, ვინც ომისთვის მუშაობს, სრული გამორიცხვით. სანქციების შესახებ ეს დოკუმენტი მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის - პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე იქნება. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ, ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ, აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აუცილებელი თავდაცვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.