გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UNFAO) საქართველოში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის მიზანი კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი და დაბალემისიიანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა.
„ორწლიან ახალ პროექტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ მოაწერეს. პროექტი „სტრატეგიული მზაობა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განსახორციელებლად და კლიმატის მდგრადობის მისაღწევად: სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაცია დაბალემისიიანი და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი მიდგომებით“ დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ. პროეტის ბიუჯეტი 500 000 აშშ დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობისთვის და ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში პროგრესის და ამ პროცესში FAO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.
„თქვენთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ვფიქრობ, ახალი პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ეფექტიანი შედეგების მიღწევას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ
მინისტრმა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტიანობის შეფასების კვლევის უზრუნველყოფის საკითხი განიხილა. ოთარ შამუგიამ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში FAO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობსაც გაუსვა ხაზი.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) წარმომადგენელ რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო FAO-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია; ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს ქვეყანაში დარგის განვითარების მხარდაჭერას.
„FAO-სთვის მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარება გარემოსათვის საფრთხის შექმნის გარეშე. საქართველოს მხარს დავუჭერთ, განახორციელოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული მიზნები. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების კლიმატისადმი მედეგობა, უზრუნველვყოთ მწვანე ეკონომიკური ზრდა და ხელი შევუწყოთ ქვეყნის საერთო მდგრად მომავალს“, – განაცხადა რაიმუნდ იელემ.
შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.