თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში, 2024 წლის ბოლომდე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი მაისში გამოცხადდება, ბაზრის კვლევა კი 27 აპრილს დასრულდება.
მისივე ინფორმაციით, ავტობუსების შესყიდვის წინასწარი თანხა 245 მლნ ლარი იქნება.
„გადაწყვიტეთ, შევისყიდოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შესაბამისად კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში. წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი, დღგ-ის ჩათვლით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა, რა თქმა უნდა, დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ 2024 წლის აპრილამდე“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
„ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ავტობაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.