საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 31-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე შრომითი მიგრაციის შესახებ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
„აღნიშნული საკითხები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მექანიზმის – საქართველოს 2021-2023 წლების მიგრაციის სტრატეგიის – მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს.
საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირის დელეგაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც 9 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს, იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.