უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 37 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რათა რუსეთს არ მიეცეს ატომური ენერგიის ობიექტების მსოფლიოს შანტაჟისთვის გამოყენების შესაძლებლობა.
აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა.
„37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარმა ავარიამ უდიდესი დაღი დაასვა მთელს მსოფლიოს. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყუდრო და განვითარებული ტერიტორია განყენებულ ზონად გადააქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30-კილომეტრიანი ზონა სახიფათო ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით.
გასულ წელს ოკუპანტებმა არა მხოლოდ დაიპყრეს ატომური სადგური, არამედ ახლიდან დააყენეს საფრთხის წინაშე მთელი მსოფლიო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ მივცეთ ტერორისტ სახელმწიფოს არანაირი შანსი გამოიყენოს ატომური ენერგიის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ და მსოფლიომ გადაიხადეს მაღალი ფასი კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის.