რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამასთან, ნავალნის განცხადებით, მას საშუალებას არ აძლევენ, რომ საქმეს ბოლომდე დეტალურად გაეცნოს.
„წამიყენეს აბსურდული ბრალდება, რომლის მიხედვითაც 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება. გამომძიებელმა ვიდიუკოვმა გუშინ თქვა, რომ ცალკეა გამოყოფილი ტერორისტული საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ მე ციხეში ჯდომისას ტერაქტებს ვაწყობ. ამ საქმესთან დაკავშირებით მე სამხედრო სასამართლო გამასამართლებს. ამ საქმისთვის 30 წელი მემუქრება, ალბათ, შემდგომი საქმისთვის უვადოს მომცემენ. საქმეში 195 ტომია. მაიძულებენ გავეცნო მას იმის გათვალისწინებით, რომ მუდამ სამარტოო საკანში ვიმყოფები. გუშინ საღამოს კვლავ იქ შემასახლეს“,- განაცხადა ნავალნიმ.