24 აპრილს, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში, სომხეთის საელჩოსა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ორგანიზებით სომეხთა გენოციდის 108 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოში აკრედიტებული რიგი ქვეყნების ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
„მემორიალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი. მან ხაზგასმით ისაუბრა მეხსიერების, ისტორიისთვის თვალებში ჩახედვისა და აღიარების საკვანძო მნიშვნელობაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული წარსულში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების განმეორება. ამ კონტექსტში, სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა გულწრფელი დიალოგის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, როგორც ერთადერთი ეფექტური გზა ყველა არსებული უთანხმოების გადასაჭრელად.
სიტყვით გამოვიდა ასევე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე. მან პატიებისა და შერიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მაგრამ არა ისტორიული მეხსიერების დავიწყების ან მასზე უარის თქმის ფასად, რადგან სწორედ წარსულის გახსენებისა და არ დავიწყების კულტურა გვაქცევს ადამიანად.
ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამწრე სტუმრებს სომეხთა გენოციდს გადარჩენილის შთამომავალმა მხატვარმა, ირენა ოგანჯანოვამ, თავისი ოჯახის ისტორია გააცნო. ღონისძიებაში დამსწრე საზოგადოების წინაშე თავიანთი შესრულების მაღალი ოსტატობით წარდგნენ სოპრანო ჰასმიკ ბაღდასარიანი, ახალგაზრდა პიანისტები ანაჰიტ სტელმაშოვა და არსენ კარაპეტიანი. ღონისძიების დასასრულს საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) და წმინდა საყდრის ნუნციო სომხეთის რესპუბლიკაში და საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური თავიანთი საშუამავლო ლოცვა აღავლინეს უფლისადმი, მამულისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.