ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება დაყოვნების დრო, გაღრმავდება სატრანსპორტო ქაოსი, რომელიც თბილისში გვაქვს და ავტობუსის ზოლები მთელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მორიგი პრობლემური ნაწილი გახდება, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, საბა ბუაძემ A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მოძრაობის ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუაზრებელი და მავნებლურია.
ბუაძე დედაქალაქის მერიას მოუწოდებს, წარმოადგინონ ის გათვლები და კვლევები, რომლის მიხედვითაც ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში სიარულის ნებართვის მიცემის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ეს არის მორიგი გაუაზრებელი და მავნებლური ინიციატივა, რომელიც მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას შეაფერხებს და დამატებით პრობლემებს შექმნის. მაშინ, როდესაც მთელი ქალაქი ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას, ავტობუსის ზოლების დახაზვას და 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას ელოდება, იმისთვის, რომ თბილისში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ადამიანები სწრაფად და ეფექტურად გადაადგილდნენ, თბილისის მერმა შემოიტანა ახლა მორიგი პოპულისტური, ძალიან მავნებლური და გაუაზრებელი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც A კლასის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ. ეს არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაართულებს, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ის სატრანსპორტო ქაოსი, რომელიც თბილისში არის და ეს ქაოსი გავრცელდება ავტობუსის ზოლებზე, რომელიც წესით ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველაზე უფრო მოწესრიგებული და გამართული ნაწილი უნდა იყოს," - განაცხადა ბუაძემ.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.