სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მიუღებელია - ყველაფერს ვიზამ, რომ ოპოზიციას ამ ცუდი იდეის განხორციელებაში ხელი შევუშალო, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.
სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ “ამ იდეის სიცუდესთან დაკავშირებით აზრი ოპოზიციის შიგნითაც არსებობს. სარჯველაძის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეის გარშემო ოპოზიციის კონსოლიდირება ილუზიაა.
“მეჩვენება, რომ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიების შექმნის იდეით გაერთო, მაშინ როდესაც ქვეყნის დღის წესრიგში არაერთი სხვა მნიშვნელოვანი საქმეა - თითქოს ემოციურად მოსწონთ და ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ფიქრობენ, რომ პარლამენტი უნდა გახდეს საგამოძიებო სტრუქტურა, რომელიც შემდგომ ალბათ, გერმანიის პროკურატურასთან ითანამშრომლებს - როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ასე წარმოუდგენიათ. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც დესტრუქციული დღის წესრიგის შენარჩუნებას გულისხმობს, როდესაც ცდილობენ, რომ მათ შორის 12 პუნქტზე მუშაობის პროცესს ხელი შეუშალონ და თან სახე შეინარჩუნონ, თითქოს როგორი კონსტრუქციულები და ქვეყანაზე მზრუნველები არიან. კონსტიტუციის დაცვა ჩემთვის უზენაესი და ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ასევე მთავარი ღირებულებაა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა - ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, ვინმეს მიეცეს შესაძლებლობა იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის იდეა ფეხქვეშ გათელოს - ეს არის მთავარი კოლოსი, რასაც სამართლებრივი წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს.არ შეიძლება ერთ კონსტიტუციურ პრინციპზე ზრუნვამ მეორე კონსტიტუციური პრინციპისთვის ძირის გამოთხრა გაამართლოს - როდესაც მთავაზობენ, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე სასამართლო ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით ვიზრუნო, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.